კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით დაინფიცირებული 5 ადამიანიდან 2 საქართველოს მოქალაქეა

კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით დაინფიცირებული 5 ადამიანიდან 2 საქართველოს მოქალაქეა

ჩვენთან ამ ეტაპზე, თითქმის 90%-დან 100%-ის ფარგლებში ფიქსირდება ბრიტანული შტამი. დღეს ქვეყანაში დადასტურდა 5 ადამიანში, როგორც პისიარ-კვლევებით, ისე გენომის სექვენირებით ინდური შტამის არსებობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ 5 ადამიანიდან 2 საქართველოს მოქალაქეა. „ხუთივეს აქვს უცოხეთის ქვეყნებში და განსაკუთრებით, შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია და საქართველოში მაისის შუა რიცხვებში შემოვიდნენ. 5-ივე ადამიანის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აქედან 3-მა, რომლებიც უცხოელები არიან, უკვე დატოვეს ქვეყანა, ხოლო საქართველოს მოქალაქეები არიან იზოლირებულები და მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა. ისინი სახლის პირობებში არიან და დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების კონტაქტები უკვე გამოკვლეულია და ისინი იზოლირებულები არიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.