მესამე ტალღა არც ისე მძაფრი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით, - ამის შესახებ ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა, ონკოლოგიის რეზიდენტმა, ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის ტალღები ყოველთვის იქნება, მაგრამ მთავარია, ტალღებში რამდენად დიდ შემთხვევებს ვგულისხმობთ.
„ვირუსის ტალღები შეიძლება იყოს იმდენად მცირე რაოდენობით, რომ ამან შეიძლება ჩვენში სერიოზული პანიკა არ გამოიწვიოს. თუ ჩვენ დავაკვირდებით ბოლო შვიდი დღის სტატისტიკას, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველაფერი გახსნილია ამის ფონზეც კი არ გვაქვს კატასტროფულად მაღალი რიცხვები და ეს მესამე ტალღაც არც ისე მძაფრი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით. ამიტომ არ მგონია ახლო მომავალში ჩვენ შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება გვქონდეს“, - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 340 838 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 323 409, გარდაიცვალა 4 699 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.