ჯობია, ლევან ვასაძის ღადავს ქართველებმა თავი დაანებონ და მასთან საპაექროდ სერიოზულად მოემზადონ. სხვათა შორის, მე მასთან პირადი ურთიერთობები მაქვს, არ დავმალავ, ბევრი გვიკამათია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ წევრმა, გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მან დუგინთან ლევან ვასაძის შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა. სანიკიძის თქმით, ძალიან სერიოზული არგუმენტაცია აქვს დუგინიზმს, მაგრამ ძალიან სერიოზული სუსტი ადგილებიც, ამიტომ ამ პაექრობისთვის მზადაა.
„ეს არ არის საღადაო თემა, რაზეც ღადაობს ქართული მედიის დიდი ნაწილი. საღადო კი არა, მოსამზადებელია. არგუმენტებია ჩამოსაყალიბებელი. რაც მთავარია, ქვეყანაში ნამდვილი ქართული კონსერვატიზმი უნდა გაძლიერდეს. კონსერვატიზმი არის ევროპაშიც და ამერიკაშიც. საკმაოდ ძლიერია და არც ერთი და არც მეორე რუსეთზე მიბმული არ არის. ჩვენთან ქართული „ფსევდოკონსერვატიზმი“ რუსეთის იდეოლოგიაზეა მიბმული. რუსეთშიც არ არის კლასიკური გაგებით კონსერვატიზმი. კლასიკური რუსული კონსერვატიზმი არ არსებობს. დუგინზე როდესაც ვსაუბრობთ, ბევრს ჰგონია, რომ ეს სახელისუფლებო იდეოლოგიაა. არც იქაა ასე მარტივად საქმე. თავის დროზე ძალიან ხელიხელჩაკიდებული მიდიოდნენ დუგინიზმი და პუტინიზმი, მაგრამ შემდეგ გაიყვნენ. უკრაინის ე.წ. რუსული სამყაროს პროექტის განადგურების შემდეგ მაინცდამაინც არ სწყალობს პუტინი დუგინს. რა უნდა პუტინს, არავინ იცის. პუტინიზმს რუსეთში აშკარად სერიოზული კრიზისი აქვს. პუტინიზმი საკმაოდ ძლიერი ნაკადია, ამიტომ ჩვენ ღადავი, ქილიკი და კისკისი კი არა, სერიოზული მომზადება გვჭირდება“, - განაცხადა სანიკიძემ.
მისი თქმით, ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ცოტაა ისეთი, ვინც ამას დაუპირისპირდა.
„ძალიან ცოტანი ვართ. პირველ პირში ვიტყვი. ინტენსიურად ვადევნებ თვალყურს ამ კაცის საქმიანობას. მის სალექციო კურსებს ვისმენ. ინტერნეტით არის ამის საშუალება, ძალიან სერიოზული არგუმენტაცია აქვს დუგინიზმს, მაგრამ ძალიან სერიოზული სუსტი ადგილები აქვს, რომელიც მე მაქვს მიგნებული. ამიტომ, მზად ვარ ამ პაექრობისთვის, თუმცა ქართული პოლიტიკური სპექტრი, მით უმეტეს ქართული პოლიტიკის ლიბერალური ფრთა საერთოდ გაგნებაში არ არის“, - განაცხადა სანიკიძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლევან ვასაძე მოსკოვში კრემლის იდეოლოგს, ალექსანდრ დუგინს შეხვდა.