მართალია, ქართული ოპოზიცია ისეთსავე დამსახურებულ არდადეგებზე არ არის, როგორზეც ედუარდ-ჯაყო კოკოევი გაუშვეს, მაგრამ, სამაგიეროდ და ჩვეულებისამებრ, ხელისუფლებამ და განსაკუთრებით პრეზიდენტმა ოპონენტების მიერ მიცემული ტაიმ-აუტით ისარგებლა.
თანაც, ისე ნაყოფიერად, რომ ზაფხულში თითქმის დღე არ გაუცდენია, რამე არ გაეხსნა ან პოტენციური ამომრჩევლის წინ არ გაებრწყინა (გამორჩეულად შავი ზღვის სანაპიროსა და ბათუმური „შერატონის“ ფონზე, ოღონდ, ბუნებრივია, მხოლოდ იმ სანაპიროს ნაგლეჯზე, რომელიც ოკუპანტებმა შეგვარჩინეს).
შესაბამისად, შემოდგომის შემობრძანება უფრო პომპეზურად აღინიშნა (ხელისუფლების პოლიტიკური აქტივობის თვალსაზრისით) აქცენტით წარმოების ამოქმედება-განვითარებაზე.
კერძოდ, პრეზიდენტმა ფოთში ბეტონის გადამამუშავებელი ქარხანაც გახსნა და ეს ფაქტი, თავისთავად, ბიზნესის თავისუფლების სიმბოლო-არგუმენტადაც დაასახელა.
მეტიც, აეროპორტის მშენებლობასაც დაგვპირდა, რომელიც, პრეზიდენტის გათვლებით, იმაზე მეტ მგზავრს გადაიყვანს, ვიდრე თბილისის, ერევნისა და ბაქოს აეროპორტები ერთად აღებული.
ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით და იმ კონკრეტულ დღეს არც პირველ პირს დაუზუსტებია, რა გახდება ფოთის აეროპორტში (ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც აშენდება) მგზავრთაცვენის მიზეზი.
თუმცა, რაკი იმ დღესაც (ოპონენტების გულის მოსაკლავად) შეგვახსენა, რომ აჭარაში არათუ ორ, სამ მილიონ ტურისტს ელის (პრინციპით: დავეწიოთ და გავუსწროთ საბჭოთა კავშირს!), უნდა ვივარაუდოთ, რომ ფოთის აეროპორტის მგზავრთა რაოდენობაც პრეზიდენტმა გუმანით იგრძნო.
ოღონდ, მთავარია, ამ გუმანმა ისე არ გვიმტყუნოს, როგორც გასული წლის აგვისტოში (რუსებს ჟანგიანი ტანკები ჰყავთო), თორემ დალევს ჩაილურის წყალს ფოთის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი თავის სამმილიონიან ტურისტიანად.