საზოგადოება და ამომრჩეველი ლევან ვასაძეს დუგინსაც აპატიებს, მაგრამ დავით კეზერაშვილს - გიორგი გახარიას, ვერასოდეს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
იგი აღნიშნული პოსტით გიორგი გახარიას პარტიის დაფინანსების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ვისაც ვებრძვით და რასაც ვებრძვით ამ სახელმწიფოში ბოლო ათეული წლებია - ის დაუსჯელი, უსაზღვრო და გაუკუღმართებული რეალობის ტირაჟირების მანქანაა, რასაც შემოკლებით მედია/გლავკანალიზაცია ჰქვია. როგორც კი ჩნდება პოლიტიკურ ველზე მათი პარტიის რომელიმე ახალი რეალური კონკურენტი, სრული სიმძლავრით ირთვება შავი პიარის მანქანა. ასე შევიტყვეთ მოსკოვში ლევან ვასაძისა და ალექსანდრე დუგინის გუშინდელ ვახშამზე. ასე შევიტყვეთ დღეს გიორგი გახარიას პარტიის დამფინანსებელზე - დავით კეზერაშვილის სახით.
ამ ყოველდღიურ ფეიკ/ნიაღვარში არა თუ საზოგადოების უბრალო წევრს, არამედ საქმეში ჩახედულ ე.წ. ექსპერტებსა თუ ანალიტიკოსებსაც უჭირთ არა თუ ჭეშმარიტების, სიმართლის რაიმე ნაირსახეობის გარჩევა. არც "ინფორმაციის" თითქოს და ფანტასტიკური შინაარსი მიიღება მხედველობაში - იმდენი სურეალისტური მეტამორფოზების მომსწრენი ვართ უკვე ქართულ პოლიტიკაში.
მხოლოდ ერთი რამე შემიძლია ვთქვა დადასტურებით ამ ეტაპზე - საზოგადოება და ამომრჩეველი დუგინსაც აპატიებს ლევან ვასაძეს, მაგრამ დავით კეზერაშვილს - გიორგი გახარიას ვერასოდეს. უფრო სწორედ იმ ფინანსურ პირამიდას, რომელიც საქართველოს ოკუპაციის, ქვეყნის დაყაჩაღების, ჩვენი გენოფონდის ომში განადგურების, ათობით ათასობით უსახლკაროდ დარჩენილების პირადი ტრაგედიების ხარჯზე შეიქმნა და რომელსაც ქართული სისხლის სუნი ასდის.
არ ვიცი, რა პასუხს გასცემს გიორგი გახარია ამ უმძიმეს ბრალდებას, მაგრამ თუ ეს პასუხი არ იქნება დამაჯერებელი, მაშინ მისი პარტიის შექმნის დღე შეიძლება დასასრულადაც იქცეს. ეს უკვე არ იქნება „ქართული ოცნების“ მძიმე ჟამს მიტოვების, ეს იქნება ძალიან სერიოზული ღალატის ტოლფასი. იმედია, უახლოეს დღეებში ყოველივე ამას მკაფიო და უეჭველი პასუხი გაეცემა“, - წერს დავით ქართველიშვილი.
„გიორგი გახარიამ დამფინანსებელი იპოვა“ - ამ სათაურით მედიაში სტატია გავრცელდა. ჟურნალისტი წერს, რომ გახარიას ფინანსური პარტნიორი დავით კეზერაშვილია.