სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება. ამ ეტაპზე ადგილზე სიმშვიდეა, იმის მიუხედავად, რომ „რიონის ხეობის მცველები“ კომპანია „ენკას“ თანამშრომლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
ამასთან, დღეს პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე გააკეთა განმარტება, რომლებზეც მისი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან, გიორგი ხვედელიანთან საუბარია დაფიქსირებული.
„შეხვედრა, რა თქმა უნდა შედგა. თქვენ იცით, რომ უამრავი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსი, მოდის აქ, აქციებზე. ყველას აქვს თავისი იდეა, აზრი, არაერთხელ დაუფიქსირებია სხვადასხვა პერსონას. რა არის ამაში კონსპირაციული? სიმართლე გითხრათ, ჩვენ ვერ ვხედავთ ამაში იმას, რომ თითქოს რამე განსაკუთრებული მოხდა. ზოგადად, მხარდაჭერაზე იყო საუბარი იმ დიალოგის დროს. ვის წარმოადგენს ბატონი ხვედელიანი, შემახსენეთ? მან თქვა, რომ ზოგადად უჭერენ მხარს მიმდინარე მოვლენებს და გამომელაპარაკა მე, როგორც რიონის ხეობის ერთ-ერთ მცველს“, - განაცხადა გოლეთიანმა.