ექსპერტი თბილისში ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდაზე - არსებული ტარიფის პირობებში პრობლემური ხდებოდა თბილისის გაზით უწყვეტი მომარაგება

ექსპერტი თბილისში ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდაზე - არსებული ტარიფის პირობებში პრობლემური ხდებოდა თბილისის გაზით უწყვეტი მომარაგება

„დღეს კომპანია "თბილისი ენერჯიმ"  სემეკს ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვის განცხადებით მიმართა, და სემეკმაც მათი მოთხოვნა როგორც მოსალოდნელი იყო დააკმაყოფილა, რადგან  მოქმედი ტარიფის მიხედვით, კომპანიას ბუნებრივი აირის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია უწევს. კერძოდ, სავალუტო კურსის მერყეობის და  შესაბამისად, ბუნებრივი აირის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის გამო, მათ 1.5 წელში 25 მილიონი ლარით იზარალეს, ხოლო არსებული ტარიფის პირობებში პრობლემური ხდებოდა თბილისის გაზით უწყვეტი მომარაგება,“ - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ სემეკის გადაწყვეტილება თბილისში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის გადახედვის შესახებ.

ექსპერტის განცხადებით, გაზის სექტორი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რატომ გვჭირდება ენერგეტიკაში, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ელექტროენერგეტიკაში ადგილობრივი გენერაციის და ენერგო ბაზრის განვითარება. „როდესაც სრულად ხარ დამოკიდებული იმპორტზე (გაზში 99% იმპორტზე ვართ დამოკიდებულები) ნებისმიერი ცვლილება, მათ შორის კურსის მოქმედებს მის ფასზე, რაც საბოლოოდ აისახება მოქალაქეებზე და ეკონომიკაზე მთლიანად. გასაგებია, რომ გაზში კვლავ იმპორტზე ვიქნებით დამოკიდებული, და კონკურენციის გაზრდა და ბაზრის დივერსიფიცირება არც აქ გვაწყენდა, მაგრამ ელექტროენერგეტიკაში ხომ მაინც შეგვიძლია, რომ სურათი არც თუ შორეულ მომავალში შევცვალოთ?!.“ - კითხულობს ექსპერტი. 

„მართალია, ბოლომდე არც ადგილობრივი წარმოების შემთხვევაშიც ვართ დაცული ფასის მატებისგან, მაგრამ როცა ენერგიის მოპოვების  ადგილობრივი რესურსებია მაქსიმალურად ათვისებული,  ჰიდრორესურსები ჩვენ შემთხვევაში, ბევრი ფაქტორის  გამო,  თუნდაც მოკლევადიან პერიოდში ფასის მატების ალბათობა ძალიან დაბალია, ვიდრე  იმპორტზე  დამოკიდებულებისას,“ - აღნიშნავს ექსპერტი.