Facebook-ი კორონავირუსის ხელოვნური წარმოშობის შესახებ პოსტებს აღარ წაშლის

Facebook-ი კორონავირუსის ხელოვნური წარმოშობის შესახებ პოსტებს აღარ წაშლის

კომპანია Facebook-ი აცხადებს, რომ თავისი პლატფორმიდან კორონავირუსის ხელოვნური წარმოშობის შესახებ პოსტებს აღარ წაშლის.

კომპანიამ თებერვალში განცხადება გაავრცელა, რომ ჯანდაცვის წამყვან ორგანიზაციებთან, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო, მსგავსი შინაარსის პოსტები წაეშალა.

„კორონავირუსის წარმოშობის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფონზე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ, გადაწყვეტილება მივიღეთ, არ წავშალოთ ჩვენი აპლიკაციებიდან კორონავირუსის ხელოვნური წარმოშობის შესახებ პოსტები“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

26 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების გაძლიერება დაავალა.

„დღეის მდგომარეობით, აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება ორი სავარაუდო სცენარის გარშემოა გაერთიანებული, მაგრამ ამ საკითხზე საბოლოო დასკვნამდე ვერ მივიდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

25 მაისს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთი ბოლომდე არ იყო გამჭვირვალე COVID-19-ის წარმოშობის გამოძიებისას და საჭიროა სრული გამოძიება იმის დასადგენად, ვირუსი ბუნებრივად გავრცელდა თუ ლაბორატორიული შემთხვევის შედეგად.