ჩვენი ენა, ქართული ენა და ასევე მეორე სახელმწიფო ენა, რომელიც გახლავთ აფხაზური - ამ ორ ენას მუდმივი ყურადღება და შენარჩუნება სჭირდება, ვინაიდან ქართული ენისა და აფხაზეთში აფხაზური ენის გარეშე არ არსებობს დამოუკიდებელი საქართველოს საფუძველი და ეს საფუძველი ჩვენ ყოველდღიურად უნდა გავამყაროთ, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყების პრიორიტეტებზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენ გვექნება ამ ორი სახელმწიფო ენის ხელშეწყობის არაერთი პროგრამა, რომელსაც უკვე ამ წლის ზაფხულიდან დავიწყებთ. ასევე, რა თქმა უნდა არ არსებობს დამოუკიდებელი, სუვერენული და ძლიერი სახელმწიფო, თუ ჩვენ არ გვექნება ძლიერი და დაცული ქართული კულტურა. კულტურა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დავიცვათ წარსულში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობა და შედევრები. ეს ასევე ნიშნავს მას, რომ ჩვენ დღეს იმ ახალგაზრდებს, ან საშუალო ასაკის ადამიანებს, ან უკვე მათ, ვინც 80 წლის არის და კვლავ შემოქმედებით პროცესს ეწევა, ხელი შევუწყოთ, რათა ქართული კულტურა კიდევ უფრო მეტად გამდიდრდეს. და უფრო მეტიც, ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იქნება კულტურაზე ხელმისაწვდომობა, რადგან ერთია, რას შექმნის შემოქმედი ადამიანი თავის სოფელსა ან ქალაქში, მაგრამ მეორეა, რომ მისი შემოქმედების პროდუქტზე ხელი მიუწვდებოდეს ქართველ ადამიანს სხვა სოფელში; რომ ამ პროცესში ჩართული იყოს ჩვენი ეთნიკური, რელიგიური უმცირესობები, რომელთა გარეშეც არ არსებობს ძლიერი და გამთლიანებული, სუვერენული საქართველო და ეს ყველაფერი გავიდეს ქვეყნის გარეთ ისე, რომ ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა და არა მხოლოდ მეგობრებმა იცოდნენ, რომ საქართველოს აქვს თავისი თვითმყოფადი კულტურა, რომელიც ევროპული კულტურის ნაწილია და მასზე ზრუნავენ ის თაობები, რომლებიც ქვეყნის შიგნით ცხოვრობენ“, - განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი სპორტთან ერთად არის მნიშვნელოვანი და ხაზი გაუსვა სპორტის მნიშვნელობას მოქალაქეების ცხოვრებაში. სამინისტროს კიდევ ერთ პრიორიტეტად წულუკიანმა ახალგაზრდების კეთილდღეობა დაასახელა.
„ახალგაზრდობა არის ძალიან ძნელი პერიოდი, ხელშეწყობა გჭირდება მრავალნაირი, რომ იყო ბედნიერი და ვითარდებოდე და რა თქმა უნდა, ესეც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თუ არა ყველაზე მთავარი პრიორიტეტი“, - აღნიშნა წულუკიანმა.