გვექნება დამატებით კონსულტაციები, ამის შემდეგ უკვე ვნახავთ იმას თუ რა პოზიციები შეჯერდება ჩვენსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის პროექტი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის სურვილის შესაბამისია.
„რაც შეეხება მელიას უარის საკითხს, ოპოზიციას უნდა, რომ მელიას ნების წინააღმდეგ მივიღოთ ამნისტიის კანონი. ანუ ოპოზიცია უპირისპირდება მელიას ნებას, ჩვენ ვმოქმედებთ მელიას ნების შესაბამისად. ანუ, თუ მელიას არ სურს ამნისტია, ვერავინ აიძულებს, რომ მასზე გავრცელდეს ეს ამნისტია. ჩვენი პროექტი არის თანხვედრაში მელიას სურვილთან და ნებასთან“, - განაცხადა კობახიძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ მომზადებულ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც შალვა შავგულიძემ წარადგინა, ის კენჭისყრაზე ჩავარდა.
მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონს პირველი მოსმენით დღეს არ განიხილავს.