გუშინ ვუყურებდი კომიტეტის სხდომებს, სადაც ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ და რაღაც ძალიან კარგ ხასიათზე იყავით, შეხუმრებულები, რაღაც ცუნდრუკი იყო ამ კომიტეტის სხდომებზე. თქვენ შეიძლება კარგად ხართ, იმიტომ, რომ უზრუნველყოფილები ხართ, მაგრამ ხალხს შია, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს.
მან პარლამენტის წევრებს ჭიათურის ეკოლოგიური მდგომარეობისა და პროტესტის მონაწილე მოშიმშილე ადამიანების ფოტოსურათები წარუდგინა, რომლებიც აცხადებენ, რომ მანგანუმის მოპოვების პროცესში მათი საცხოვრებელი სახლები ზიანდება და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობით დაინტერესებისა და მათი პრობლემის გადაწყვეტიკენ მოუწოდა. ვაშაძის განცხადებით, მაშინ როდესაც ხელისუფლების წევრები და მათთან დაახლოებული ადამიანები მდიდრდებიან, მოსახლეობა ღარიბდება და მათ საცხოვრებელი სახლები „თავზე ენგრევათ.
„მინდა, ჩემს კოლეგებს პარლამენტში, უმრავლესობიდან, ვთხოვო, ამ ფოტოებს შეხედონ, ეს არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე 8 დღის განმავლობაში ამოკერილი აქვთ პირი, ხალხი, რომელიც ითხოვს შველას თავისი ხელისუფლებისგან, მაგრამ ჯერჯერობით არავინ ჩავიდა ამ ხალხთან და არავინ არ ესაუბრება. გუშინ კიდევ სამმა ქალმა ამოიკერა პირი და მარტივ რაღაცას ითხოვს ეს ხალხი, თავზე ენგრევათ სახლები, სახელმწფო მართავს კორპორაციას ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზს“ და არანაირი ყურადღება ამ ადამიანთა მიმართ არ არის.
მეგობრებო, ეს არის სწორედ ის ფაქტი, როდესაც თქვენ სრულიად მოშორებული ხართ იმას თუ რა ხდება ქვეყანაში, ხალხი მშიერია, სახლები თავზე ენგრევა და თქვენთან დაკავშირებული ადამიანები მდიდრდებიან მათ ხარჯზე. ასობით მილიონი დოლარის მადანი გადის ჭიათურიდან, მაგრამ ჭიათურა განადგურებულია, გეგონება მეორე მსოფლიო ომი იყო და დაბომბეს ეს ქალაქი. ერთი კაპიკი არ იხარჯება იმისთვის, რომ მოხდეს ამ ტერიტორიების რეკრეაცია. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს მარტო ჭიათურაში არ ხდება, იგივე ხდება ბოლნისში, სადაც ასობილით მილიუონი დოლარის მადანი გადის ქვეყნიდან და არანაირი ყურადღება არ არის იმ დაბინძურებულ მდინარეებზე, რომლებიც არის აქ.
ხალხს, იმის გამო, რომ თქვენ არანაირ ყურადღებას არ აქცევთ, ძარცვავენ ყოველ დღე. პარლამენტი არის ორგანო, რომელმაც პასუხი უნდა მოსთხოვოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაბამის ხალხს, რატომ არ აქცევენ ყურადღებას ამ ადამიანებს. პარლამენტი არის ორგანო, რომელმაც ხალხის ინტერესი უნდა დაიცვას და არა ის, რომ წილებში ჩავუსხდეთ იმ უზარმაზარ კომპანიებს. ეს არის რეალობა დღეს ქვეყანაში და თქვენ ამას ვერ უარყოფთ, იმიტომ, რომ ხალხი მშიერია, ხალხი ღარიბდება, თქვენ და თქვენი თანაგუნდელები კი მდიდრდებით.
დაუყოვნებლივ მოვითხოვ, რომ მიაქციოთ ყურადღება, მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მარტო ზედაპირული ლაპარაკები კი არა, ჩადით და დაელაპარაკეთ ამ ხალხს. ელემენტარული ჯანმრთელობის პრობლემაა უკვე და შეიძლება სავალალოდ დასრულდეს, ხომ შეიძლება, ვინმეს დააინტერესოს,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილის პროტესტი გრძელდება. შუქრუთის მცხოვრებლების თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშაობით მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, ამიტომ ზარალის ათვლას და სათანადო კომპენსაციას მოითხოვენ.