ანრი ოხანაშვილი:  ოპოზიციის სულისკვეთებაა, რომ მხოლოდ ნიკანორ მელიაზე გავრცელდეს ამნისტია - ჯერ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ახლა ამ შეთანხმებიდან გასვლა სურთ

ანრი ოხანაშვილი:  ოპოზიციის სულისკვეთებაა, რომ მხოლოდ ნიკანორ მელიაზე გავრცელდეს ამნისტია - ჯერ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ახლა ამ შეთანხმებიდან გასვლა სურთ

ოპოზიციის სულისკვეთებაა, კანონპროექტის მთავარი არსი იყოს, რომ ერთადერთ პირზე - ნიკანორ მელიაზე გავრცელდეს ამნისტია , - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, როგორც მან აღნიშნა, ის სრულად ასახავს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას.

"ჩვენ გვქონდა კონკრეტული შენიშვნები და შეკითხვები ოპოზიციის მიერ დაინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით და ვერ მივიღეთ პასუხები. ოპოზიციის სულისკვეთებაა, რომ კანონპროექტის მთავარი არსი იყოს ერთადერთ პირზე, ნიკანორ მელიაზე გავრცელდეს ამნისტია. ისინი არიან მოტივირებულნი იმ სულისკვეთებით, რომ მხოლოდ ნიკანორ მელიას შეეხოს, სხვა მოცემულობა არ აინტერესებთ და ეს ჩაკეტილი აქვთ დაზარალებულის თანხმობით, პოლიციელებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ავრცელებენ, თუ დაზარალებული თანახმაა და ჩვენ წინასწარი განწყობა ვიცით, რომ დაზარალებული თანახმა ვერ იქნება და არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციურმა ჯგუფებმა ჯერ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, აიღეს პასუხისმგებლობა, ახლა ამ შეთანხმებიდან გასვლა სურთ და ნაცვლად პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისა, მორალური პასუხისმგებლობა გადააქვთ დაზარალებულებზე, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ ინიცირებული 2 დამოუკიდებელი დოკუმენტი დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილეს. როგორც მოსალოდნელი იყო ორივე კომიტეტმა ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის პროექტს დაუჭირა მხარი, შესაბამისად ოპოზიციის ალტერნატიულმა პროექტმა, რომელიც შალვა შავგულიძემ წარადგინა, კომიტეტების მხარდაჭერა ვერ მიიღო.