არჩილ თალაკვაძე: პროტესტი დასანახია ხელისუფლებისთვის, დამატებით გზების გადაკეტვა და დედაქალაქის პარალიზება კონსტრუქციული ნაბიჯი არ არის

არჩილ თალაკვაძე: პროტესტი დასანახია ხელისუფლებისთვის, დამატებით გზების გადაკეტვა და დედაქალაქის პარალიზება კონსტრუქციული ნაბიჯი არ არის

პროტესტი დასანახია ხელისუფლებისთვის. რაღაც დამატებით გზების გადაკეტვა და დედაქალაქის პარალიზება, რაც ასევე ვფიქრობ, ჩვენს თანამოქალაქეებს თბილისში დიდ დისკომფორტს შეუქმნის, არ არის კონსტრუქციული ნაბიჯი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნამახვანის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულება მისი მოქალაქეების მიმართ იმთავითვე იყო დიალოგი.

„ყოველ პროტესტს ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის ყურადღებით ეკიდება. როდესაც საუბარია, რაიმე ტიპის მოთხოვნებზე, ულიტატუმებზე, რომელიც ეწინააღმდეგება დიალოგის პრინციპს, უნდა გვესმოდეს, რომ ამ ფორმატში და ამ ფორმით ურთიერთობა სახელმწიფოსა და მოქალაეებს შორის ზიანს აყენებს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პროტესტი დასანახია ხელისუფლებისთვის. დამატებით გზების გადაკეტვა და რაც მოვისმინეთ, დედაქალაქის პარალიზება, რაც ასევე ვფიქრობ, ჩვენ თანამოქალაქეებს თბილისში დიდ დისკომფორტს შეუქმნის, არ არის კონსტრუქციული ნაბიჯი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხელისუფლების მხრიდან სრული მზადყოფნა იყო და არის დიალოგისთვის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დღეს, რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე, ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა შეკრებილებს მიმართა. აქციის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, პალამენტის თავმჯდომარის შეთავაზება მიეღოთ და კახა კუჭავას პოზიცია მოესმინათ. მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურა, რომ მისი აპარატიდან დაუკავშირდნენ ვარლამ გოლეთიანს და თქვა, რომ „მისი კარი ყველასთვის ღიაა“. მისივე განცხადებით, თანახმაა, აქციის წარმომადგენლებს მედიისა და პირდაპირი ეთერის რეჟიმშიც შეხვდეს. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს.