გრიგოლ ვაშაძეს დამოუკიდებელი დეპუტატის წევრის კვოტით საგარეო ურთიერთობათა და კულტურის კომიტეტებში გაწევრიანება სურს

გრიგოლ ვაშაძეს დამოუკიდებელი დეპუტატის წევრის კვოტით საგარეო ურთიერთობათა და კულტურის კომიტეტებში გაწევრიანება სურს

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს გრიგოლ ვაშაძეს პარლამენტში, დამოუკიდებელი დეპუტატის წევრის კვოტით საგარეო ურთიერთობათა და კულტურის კომიტეტებში გაწევრიანება სურს. დეპუტატის მიმართვა კომიტეტებში გაწევრიანების შესახებ პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, კომიტეტში დამატებითი წევრის მიღების თავისუფალი კვოტა არაა დარჩენილი.

„კომიტეტში არის 15 წევრი, შესაბამისად, კომიტეტი შევსებულია და დამატებით წევრს ჩვენ ვერ მივიღებთ. ეს საკითხი შეიძლება განხილულ იქნას მას შემდეგ, რაც ახალი კვოტების თანახმად გადანაწილდება წევრების რაოდენობა და გამოთავისუფლდება ადგილი უფრაქციო დეპუტატისთვის“, -აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დეპუტატების გადაწყვეტილებით, შესაძლოა, კვოტების გადანაწილების საკითხზე მას შემდეგ იმსჯელონ, რაც პარლამენტი „რეგლამენტის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 2020 წლის 15 დეკემბერს დატოვა.