საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ამ ეტაპზე არ გამოვლენილა

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ამ ეტაპზე არ გამოვლენილა

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ჯერჯერობით არ გამოვლენილა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გამოჩნდა სხვა შტამები - სამხრეთაფრიკული, ბრაზილიური და მათ შორის ინდური. ყველა ამ შტამზე დღეს დაკვირვება მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კერძოდ ლუგარის ლაბორატორიაში. ჩვენ გვაქვს საშუალება, როგორც PCR-ტექნოლოგიებით, ისე გენომის სეკვენირებით ამ შტამების იდენტიფიცირების. ინდური შტამი ლაბორატორიულად ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. როგორც კი დადგინდება და თუ ეს მოხდა, შესაბამისად გავაკეთებთ განცხადებას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 337 961 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 319 956, გარდაიცვალა 4 639 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ მცირე, ერთი დოზით მაინც, 109 395 ადამიანი აიცრა. ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო. 24 მაისიდან საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაიწყო.