ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ვწუხვართ, რომ მგზავრებს გარკვეული უხერხულობა შეექმნათ, მაგრამ საავიაციო უსაფრთხოების წესები აბსოლუტური პრიორიტეტია ყველგან და ყველასთვის. ამ მხრივ, სავსებით გამართლებული იყო თვითმფრინავის ეკიპაჟის მოქმედება, რომელიც პასუხისმგებელია მისი მგზავრების სიცოცხლეზე. სწორედ უსაფრთხოების თვალსაზრისით უნდა დავაკვირდეთ ამ ინციდენტს“, - ნათქვამია ბელარუსის საგარეო უწყების განცხადებაში.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ ქვეყნის შესაბამისი ორგანოების ქმედებები სრულად შეესაბამებოდა დადგენილ საერთაშორისო წესებს.
„სიტუაციის აშკარა ესკალაცია ხდება. ვითარება განზრახ პოლიტიზირებულია, დაუსაბუთებელ ბრალდებებს ვისმენთ. არ არსებობს სიტუაციას ობიექტურად განხილვის აშკარა სურვილი. ამის ნაცვლად სანქციების დაწესების შესახებ ლოზუნგები გვესმის“, - აღნიშნავენ ბელარუსის საგარეო უწყებაში.
23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.