კახა კუჭავა ბელარუსში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„სამოქალაქო რეისის იძულებითი დაშვება აბსოლუტურად მიუღებელია და ამ ფაქტს საერთაშორისო თანამეგობრობისგან ადეკვატური რეაქცია უნდა მოჰყვეს. მნიშვნელოვანია, რომ Ryanair-ის ეკიპაჟმა და მგზავრების უმეტესობამ ვილნიუსში უსაფრთხოდ ჩააღწიეს“, - წერს კუჭავა.
23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.