ვარლამ გოლეთიანი: არცერთი ფაქტი არ ადასტურებს, რომ ჩვენი პროტესტი ხელოვნურად მართულია

ვარლამ გოლეთიანი: არცერთი ფაქტი არ ადასტურებს, რომ ჩვენი პროტესტი ხელოვნურად მართულია

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი საქართველოს მთვარობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არცერთი ფაქტი არ ადასტურებს იმას, რომ მათი პროტესტი გარე ძალების მიერაა მართული.

„არცერთი ფაქტი ამ მოსაზრებას ზურგს არ უმაგრებს და ჩვენი მისამართით, ვერავინ დადო რაიმე დამადასტურებელი, რომ ეს პროცესი ხელოვნურად მართულია. გამოდის, რომ, როგორც თვითონ ამბობენ, გარე ძალების მიერ ორკესტრირებული და ინსპირირებული არ ყოფილა ეს პროტესტი. თუ ბატონი პრემიერის განცხადებაში გამოიკვეთა, რომ ხელშეკრულება შესასწავლია და მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს, ე.ი. ჩვენი ქვეყნისთვის რაღაც საქმე გაგვიკეთებია. საკითხების ისე განხილვა, რომ ჩვენ „ვაიპატრიოტები“ ვართ, არ გვინდა ქვეყნის განვითარება ან 90-იანებში გვსურს დაბრუნება, უბრალოდ, არაადეკვატური შეფასებაა“, - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი, 90-იანი წლების გადმონაშთი და ჩვენ კარგად გვახსოვს ის ბნელი პერიოდი, როცა ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ, ყველა აქტივისტი იყო ძალიან კარგი „სპეციალისტი“ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის და ა.შ. შედეგად მივიღეთ სამოქალაქო ომი, ჩვენ თვითონ დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა - ქარხნები, ფაბრიკები დავშალეთ და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაც სწორედ ჩვენი იმ დროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია“.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და ღამეც იქ გაათიეს. მათი მოთხოვნის მიხედვით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა.