ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა ნამახვანჰესზე. ეს მზაობა იყო, არის და გაგრძელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მთავრობამ აქციის მონაწილეებს შესაფერისი დიალოგის ფორმატი შესთავაზა. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, თვის ბოლოს ის ინვესტორი კომპანიის დამფუძნებელს შეხვდება, რომელიც თბილისში ჩამოვა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდებინა და ეს მზაობა იყო, არის და იქნება.
მისივე თქმით, მთავრობამ მოიწვია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსსა და დეტალს, გარემოს ზემოქმედების ეფექტებს.
„ჩემი პოზიცია არის შემდეგი - ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა და ეს მზაობა იყო, არის და იქნება. გაგრძელდება ეს მზაობა ჩვენი მხრიდან. ასევე, შევთავაზეთ პროტესტის მონაწილეებს შესაფერისი დიალოგის ფორმატი, არაერთი მცდელობა იყო ჩვენი მხრიდან, ჩემი პირადი წარმომადგენელი ჩავრთე და გუბერნატორი, მთელი სამინისტროები ჩართულები იყვნენ და არიან. ამას გარდა შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსსა და დეტალს, გარემოს ზემოქმედების ეფექტებს, ასევე მე დავავალე იუსტიციის სამინისტროს, რომ დამოუკიდებელმა იურიდიულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ შეისწავლის, აღნიშნული პროექტის შესაბამისობა საერთაშორისო პრაქტიკასთან. აქედან გამომდინარე, კითხვები არ უნდა არსებობდეს“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე განმარტებით, ის თავად არის ჩართული და სურს გაარკვიოს, რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში.
„რაც შეეხება დანარჩენი ულტიმატუმების ენით საუბარს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი, 90-იანი წლების გადმონაშთი და ჩვენ კარგად გვახსოვს ის ბნელი პერიოდი, როცა ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ, ყველა აქტივისტი იყო ძალიან კარგი „სპეციალისტი“ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის და ა.შ. შედეგად მივიღეთ სამოქალაქო ომი, ჩვენ თვითონ დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა - ქარხნები, ფაბრიკები დავშალეთ და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაც სწორედ ჩვენი იმ დროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია. აქედან გამომიდინარე, მინდა, ამ ადამიანებს მივმართო და მოვუხმო გონიერებისკენ. სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში. ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა პრემიერმა.