მთაწმინდის ფერდზე 700 ჰექტარის ტერიტორიის გამწვანება იწყება. პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი ფერდმა მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს სიმწვანე, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტი 3-4 წელზეა გათვლილი და ფონდმა „ქართუმ“ მისთვის 16 მილიონი გამოყო. დღეს ადგილზე გარემოს დაცვის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დაესწრო.
„ეს არის ალბათ ისტორიულად მასშტაბური პროექტი, რომელიც ადრე არასოდეს განხორციელდებოდა. ათობით მილიონი ლარი ჯდება და ეს ნამდვილად არ წარმოადგენს იმ ფუფუნებას, რომელიც ბევრ ქვეყანას შეუძლია გააკეთოს. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“, რომელმაც ეს გარკვეული პერიოდის წინ დააანონსა და სამუშაოები დაიწყო და ეს თანხები გამოიყო, რომ თბილისს ოთხ სეზონზე გათვლილი, მარად გამწვანებული ფერდობები ჰქონდეს და გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება ეკოტურიზმის ნაწილში. 700 ჰექტარზე არის საუბარი. პროექტი კუს ტბიდან დაწყებული თითქმის კოჯრის ჩათვლით მოიცავს მთელ ფერდობს“, - განაცხადა კუჭავამ.