„კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ არის ერთ-ერთი საჩვენებელი პროექტი, თუ როგორ სწორად უნდა განვითარდეს ურბანული თვალსაზრისით კონკრეტული არეალები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ ახალი პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლამდე მოსახლეობას პირობა მისცეს, რომ ქალაქის სწორი ურბანული განვითარება მოხდებოდა. ამ მიზნით მთელი რიგი რეგულაციები მიიღეს, რისი შედეგიც დღეს სახეზეა.
„დღეს შემიძლია გითხრათ, რომ „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ არის ერთ-ერთი საჩვენებელი პროექტი, თუ როგორ სწორად უნდა განვითარდეს ურბანული თვალსაზრისით კონკრეტული არეალები. მისასალმებელია ის, რომ ამ პროექტის ფარგლებში მაქსიმალურადაა შენარჩუნებული მწვანე სივრცეები და ყველანაირი შესაძლებლობაა იმისა, რომ მომავალში აქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ დასვენებას, განტვირთვასა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას“, - განაცხადა კალაძემ.
მან წარმატებები უსურვა კომპანიასა და მის დამფუძნებლებს და აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში ჩვენი ქვეყნისთვის თითოეული ცენტის ინვესტიცია მნიშვნელოვანია.
თბილისის მერიის ინფორმაციით, „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ 2010 წელს ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მიერ დაარსდა. პროექტის ჯამურმა განაშენიანებამ 20 ჰექტარი მოიცვა. თანამედროვე დაგეგმარებისა და უმაღლესი სტანდარტების საცხოვრებელ მრავალფუნქციურ კომპლექსში გათვალისწინებულია ყველა ტიპის სპორტული სახეობა და სხვა გასართობ-გამაჯანსაღებელი აქტივობები. პროექტის 70% რეკრეაციული სივრცეებისა და გამწვანებული ეზოების მოწყობას დაეთმობა, რომელიც საცხოვრებელ ზონასთან ერთად, საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას მოიცავს. ტერიტორიაზე გაშენდება სკოლა და საბავშვო ბაღი, ასევე, მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა.