ვახტანგ ძაბირაძე “რიონის ხეობის მცველებზე“:  საზოგადოება რადიკალიზმით დაიღალა, ხალხს დესტაბილიზაცია და არეულობა აფრთხობს - იმედია ამ ახალგაზრდებს ეს ესმით

ვახტანგ ძაბირაძე “რიონის ხეობის მცველებზე“:  საზოგადოება რადიკალიზმით დაიღალა, ხალხს დესტაბილიზაცია და არეულობა აფრთხობს - იმედია ამ ახალგაზრდებს ეს ესმით

ძალიან გამაკვირვა იმ რადიკალიზმმა, რაც დავინახეთ. აქამდე „რიონის ხეობის მცველები" გაცილებით თანამიმდევრული მოქმედებებით გამოირჩეოდნენ. ასე ულტიმატუმების წამოყენება, მოთხოვნების შესრულებისთვის ვადების დათქმა, სიმართლე გითხრათ, მათი მოქმედების სტილს არ ჰგავს, - ასე აფასებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას „რიონის ხეობის მცველების“ მიერ ხელისუფლებისადმი წაყენებულ იმ მოთხოვნებს, რომელიც მათ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქციის ჩატარებისას გააცნეს საზოგადოებას.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, მისთვის გაუგებარია „რიონის მცველების“ რიტორიკის ცვლილება, ასევე, ძალიან არასწორია, საზოგადოებრივი მოძრაობა ამგვარ განცხადებებს, ფაქტობრივად, გზის დასაწყისში აკეთებდეს.

„სამწუხაროდ, საქართველოში ენერგეტიკული მიმართულება ყოველთვის დახურული იყო. შეიძლება ითქვას, უფრო გასაიდუმლოებული, ვიდრე უშიშროების სამსახურების მუშაობა. ეს არის მიმართულება, რომელში შეღწევას ვერავინ ახერხებს, გარდა კონკრეტული ჯგუფისა, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აკონტროლებს და კურირებს ამ სფეროს. გაუთავებლად რომ ლაპარაკობენ ენერგოდამოუკიდებლობაზე, მაინტერესებს, ეს საკითხი ერთნაირად გვესმის მე, თქვენ, ამ სფეროში მომუშავე ხალხს და ხელისუფლებას?

რას ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობა, როდესაც ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, „ენგურჰესის" კაშხალი რუსებისაა თუ ჩვენი? ამასთან, ფაქტობრივად, გარკვეულია, რომ „ხრამჰესები" - პირველიც და მეორეც - რუსების ხელშია... ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ?!

არ ვარ ამ სფეროს სპეციალისტი, ამიტომ არ ვიცი, მართებულია თუ არა აქციის მონაწილეთა მოთხოვნები, მაგრამ მეც მაქვს კითხვები. მაგალითად, თუ მე, როგორც ქვეყნის ერთმა მოქალაქემ, იგივე უნდა გადავიხადო საქართველოში წარმოებულ ელექტროენერგიაში, რასაც ვიხდი რუსეთიდან თუ აზერბაიჯანიდან შემოტანილში, მაშინ რატომ უნდა დავკარაგო ხეობა?! მარტივი რამ აქვს ხელისუფლებას სათქმელი - თუ ეს პროექტი განხორციელდება, რას მოიგებს საქართველოს რიგითი მოქალაქე? სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხები არ ჩანს. ჩვენთან ხომ ასე ხდება - ნებისმიერი პროტესტის შემთხვევაში ამბობენ, რომ მას ვიღაც მართავს. თუ ყველა პროტესტს ამ ქვეყანაში სხვა ვიღაც მართავს, მაშინ რას აკეთებს ხელისუფლება? ჩემთვის ამ პროცესში მნიშვნელოვანი სხვა საკითხია. ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი ასცდა საზოგადოებრივს, რაც იმედს მიჩენს, რომ საზოგადოება იღვიძებს და პროტესტს გამოხატავს. ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ პროტესტი ბორჯომში, ჭიათურაში, სადაც მთავარი მოთხოვნები სწორედ სოციალურ პრობლემებს უკავშირდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ნელ-ნელა გამოვდივართ ბურუსიდან და ახალ რეალობას ვაყალიბებთ. პოლიტიკოსები ამას რაც მალე დაინახავენ, მით უკეთესი მათთვის. რაც შეეხება აქციას, მოთხოვნებში ახალი ბევრი არაფერი ყოფილა, ამაზე აქამდეც ლაპარაკობდნენ, მაგრამ ძალიან გამაკვირვა იმ რადიკალიზმმა, რაც დავინახეთ. აქამდე „რიონის მცველები" გაცილებით გაწონასწორებული და თანამიმდევრული მოქმედებებით გამოირჩეოდნენ. ასე ულტიმატუმების წამოყენება, მოთხოვნების შესრულებისთვის ვადების დათქმა, სიმართლე გითხრათ, მათი მოქმედების სტილს არ ჰგავს. 12 საათამდე ვაძლევთ ხელისუფლებას დროსო. პირველის 10 წუთზე რომ დათანხმდნენ მათ მოთხოვნებს, არ მიიღებენ? მოკლედ, ძალიან ბავშვურად მეჩვენება ეს განცხადებები.

რამ გამოიწვია მათი რიტორიკის ცვლილება, არ ვიცი. მინდა ეს მათ გამოუცდელობას მივაწერო და არა რაიმე სხვა მიზეზებს. რას ნიშნავს ქალაქის პარალიზება? ძალიან არასწორია, საზოგადოებრივი მოძრაობა ამგვარ განცხადებებს, ფაქტობრივად, გზის დასაწყისში აკეთებდეს. მე ვიყავი აქციაზე, მაინტერესებდა პროტესტის მასშტაბი. კი ბატონო, საზოგადოებრივი პროტესტის თვალსაზრისით ეს ნამდვილად ხალხმრავალი აქცია იყო, მაგრამ არა ისეთი მასშტაბური, ქალაქის პარალიზების რესურსი გამოჩენილიყო.

აქვე ვიტყვი - აღარ არის საზოგადოება იმ მდგომარეობაში, როდესაც შეიძლება ვინმემ რადიკალიზმი პროტესტის გამძაფრების ხერხად გამოიყენოს. საზოგადოება რადიკალიზმით დაიღალა! დღეს ხალხს ყველაზე მეტად დესტაბილიზაცია და არეულობა აფრთხობს. ისედაც უამრავი გამოწვევის წინაშე მდგარ ჩვენს სახელმწიფოს ყველაზე მეტად დესტაბილიზაცია დააზიანებს. იმედია ამ ახალგაზრდებს ეს ესმით და მალევე შეცვლიან ამ რიტორიკას. ასე აჯობებს მათთვისაც და ქვეყნისთვისაც“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.