გელა მამუკაშვილი: ვარლამიზმის ფესვები ჩვენ წიაღში მყარად არის გადგმული

გელა მამუკაშვილი: ვარლამიზმის ფესვები ჩვენ წიაღში მყარად არის გადგმული

ადვოკატი გელა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:  

"გიორგობა დღეს ზეიმობდა საქართველო.                              

საკარტველოს გაუმარდჟოოს!...ჯოს-ჯოს-ჯოს!!!               

იგორ ივანოვის ზეაღმართული მუშტი და "საქართველოს" აღმატებული პათოსით შემოძახება საკმარისი აღმოჩნდა, რათა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ უამრავ ადამიანს ქვემოდან ბანი მიეცა.       

პრეზიდენტად სსრკ უშიშროების სამსახურის მიერ გაეროში  გამწესებული მაღალჩინოსნის დისშვილი და მისივე პროტეჟე, ამავე უწყებას დაქვემდებარებული სამხედრო შენაერთის ეფრეიტორი, მოგვიანებით კი კიევში დისლოცირებული სამოქალაქო მზვერავების სამჭედლოს კურსდამთავრებული და დასავლეთში პრაქტიკაგამოვლილი პერსონა დაგვიტოვა.                                             

ივანოვმა პირნათლად მოიხადა ვალი სამშობლოს წინაშე, მისია შესრულებულია, ორიოდ წლის წინ კრემლის პატრონად გამწესებული ასევე კგბ-ში გამოწრთობილი ვალოდია პუტინი  კმაყოფილია, გეგმამ იმუშავა.                        

ლუბიანკის ოფისში მოკალათებული ანალიტიკოსები და მათი ბოსები სააკაშვილზე უკეთეს კადრს ვერც კი ინატრებდნენ. ახალგაზრდა, ქარიზმატული ლიდერი...ცოტა კი  მოუგიჟიანებს, მაგრამ ეს უკეთესიცაა, მისი გიჟობები ღრუზინებს კიდევ უფრო აღაგზნებს და რაციონალურ აზროვნებას, რითაც ვერც მანამდე მოიწონებდნენ თავს, კიდევ უფრო დააშორებს.  მთავარია, ამ ახალგაზრდას აქვს მასებზე ზემოქმედების უნიკალური უნარი, მას შეუძლია ხალხის ცხვრის ფარად ფორმირება, ამ ცხვრის ფარის დარწმუნება, რომ ჭაობის გზა, რომელზეც დააყენებს, სინამდვილეში ქორფა ბალახით გადაბიბინებული მწვანე მდელოებია.                                                                

170 წლის წინ დაწერა გიორგი ერისთავმა დრამა, ქართველთა შეურაცხმყოფელი ტერმინი გიჟვრაცუაც მისი დამკვიდრებულია, რომელიც ტრდატოვს ათქმევინა და რომლითაც სცადა, მწვავე ფორმით გავეფრთხილებინეთ, თუ რა საფრთხეებს შეიცავდა, რა განსაცდელებს გვიქადდა ჩვენი ბედოვლათობა. სააკაშვილმა ეს ნაწარმოებიც, ისევე როგორც არაერთი სხვა ჭეშმარიტად ეროვნული ნაშრომი, ამოიღო სასწავლო სახელმძღვანელოებიდან.                                 

რა უნდა გიჟვრაცუას აგდებას იმ ფონზე, რომ მას გენებში აქვს სამშობლოს სიყვარული?! სამაგიეროდ ყეყეჩია(უკაცრავად გახლავართ მოაზროვნე საზოგადოებასთან)... შემოუძახე, რომ საქრისტიანო საფრთხეშია, სპარსი და ოსმალო ქვეყნის სამანებს მოსდგომია და გადაშენებას გვიპირებს. ცოტაოდენი ფულიც მიეცი, ცოლ-შვილი მშიერი რომ არ დატოვოს; ღვინოს თუ დაალევინებ და დეკეულის კანჭზეც გააკვრევინებ კბილს, მთლად შენი გახდება და ანგარიშმიუცემლად გამოგყვება. იმდენად "ლომგულია", რომ სპარსისა და ოსმალოს ძებნაში დროს არ დაკარგავს და მოძალებული "პატრიოტული" ჟინის დასაკმაყოფილებლად პირველ შემხვედრ ქართველს გამოღადრავს ყელს.                                                                           

"მოყვრის მგმობი, მტრის არმცნობი"...150 წლის წინ დიაგნოზი დაუსვა ილია მართალმა "ბედნიერ ერს". ვაგლახ, რომ ისევ ისინი ვართ, რანიც ვიყავით.                                                       

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ არ ვცდილობთ ფერისცვალებას. მეტიც,  იმ მოღვაწეთ, ვისაც ერის  თანამედროვეებად, მოაზროვნეეებად, ჭეშმარიტ პატრიოტებად და კაცთმოყვარეებად გიჟვრაცუების ტრანსფორმირება განუზრახავთ, ყვავ-ყორნებივით შევესევით, ჭინკების აღტკინებით ვკორტნით და სიცოცხლის დღეებს ვუმოკლებთ, ხშირად კი მათთვის ტყვიასაც არ ვინანებთ.                                                  

ვარლამიზმის ფესვები ჩვენ წიაღში მყარად არის გადგმული. მტერს ისღა დარჩენია, გამონახოს სავარლამო მასალა, დაბანოს,  დავარცხნოს, ჩააცვას, ფული ჩაუკუჭოს ჯიბეში და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე შემოუშვას".