საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დედაქალაქში, „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას გამოეხმაურა.
„ძალიან მარტივია; 2012 წლის შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში სრული თავისუფლება და რეალური, ჭეშმარიტი დემოკრატიაა. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის, მათ შორის - პროტესტის აქციების გზით გამოხატვის თავისუფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას თბილისში მართავენ. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. მოთხოვნები კვლავ უცვლელია. მათ მთავარ მოთხოვნად კომპანია „ენკასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა სახელდება.
„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მთავრობამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.
საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი.