კახა კუჭავა: ოპოზიცია რომ არ ჩაერთო საგამოძიებო კომისიაში, ამით მტკიცდება, რომ 2020 წლის არჩევნების გაყალბებაზე არაფერი აქვთ

კახა კუჭავა: ოპოზიცია რომ არ ჩაერთო საგამოძიებო კომისიაში, ამით მტკიცდება, რომ 2020 წლის არჩევნების გაყალბებაზე არაფერი აქვთ

2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია არის საუკეთესო ფორმატი, რომ ვისაც არჩევნების გაყალბებაზე რამე არგუმენტი, ფაქტი ან დოკუმენტი უჭირავს ხელში წარმოადგინოს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მთავარია ვისაუბროთ, რა არის საგამოძიებო კომისიის მიზანი. ნამდვილად დარჩა კითხვები, რომ გაირკვეს საბოლოო ჯამში, იყო თუ არა დარღვევების ის მოცულობა. ჩვენ ვთქვით, ქართულმა ოცნებამ“, რომ თუ იქნება განსხვავება 1%, ამ შემთხვევაში მზად ვართ ხელახალი არჩევნები დავნიშნოთ. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი აღიარებს, რომ არჩევნების გაყალბებას ადგილი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც საუბრობს ვიღაც, რომ მე ხელში მაქვს არგუმენტები და შემიძლია დავამტკიცო“, - განაცხადა კუჭავამ.

მისი თქმით, 2020 წლის არჩევნებზე არ მომხდარა ისეთი დარღვევები, რომ მთელი პროცესის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგეს. „ერთი-ორი დარღვევა, რამდენადაა საფუძველი, რომ მთელი არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დავაყენოთ, ამაზე საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე გასცა პასუხი. არცერთ ქვეყანაში არ ტარდება არჩევნები დარღვევები რომ არ იყოს, მაგრამ ხარისხი დარღვევების და რაოდენობა არის თუ არა ისეთი მოცულობის, რომელმაც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმაცია ამაზე საუბარი დასრულდა, დაიხურა ეს საკითხი. თუ ვინმე ცდილობს, რომ ამაზე სპეკულაცია მოახდინოს, ყველაზე კარგი ფორმატია საგამოძიებო კომისია, სადაც სრულიად გახსნილია პროცესი. ოპოზიცია რომ არ ჩაერთო საგამოძიებო კომისიაში, ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ მათ 2020 წლის არჩევნების გაყალბებაზე არაფერი აქვთ. 2020 წლის არჩევნებზე სპეკულაცია, გაყალბდა თუ არა საბოლოოდ უნდა დაიხუროს. ვერ ნახავენ ვერცერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორს ვინც ამას ამბობს. არ შეიძლება ასე უტიფრად ერთიდაიგივეს იმეორებდე და იყენებდე ამას პოლიტიკური მიზნებისთვის და ამით აზიანებდე ქვეყნის ინტერესებს“, - აღნიშნა კუჭავამ.