შალვა პაპუაშვილი:  ცესკოს არსებულ წევრებთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩ ჰარცელსაც მოუწია განმარტების გაკეთება, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ეს არაა ასახული, წერტილი!

შალვა პაპუაშვილი: ცესკოს არსებულ წევრებთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩ ჰარცელსაც მოუწია განმარტების გაკეთება, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ეს არაა ასახული, წერტილი!

იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, ეს ნიშნავს, რომ ისინი შეთანხმებას არღვევენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით "ლელო" გამოირჩევა იმით, რომ არგუმენტაციის გარეშე აყენებს საკითხს.

„მაგალითად, ცესკოს არსებულ წევრებთან დაკავშირებით თავად ევროკავშირის ელჩ ჰარცელსაც მოუწია განმარტების გაკეთება, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ეს არ არის ასახული. წერტილი! მიუხედავად ამისა, დღეს კიდევ ერთხელ კომიტეტის სხდომაზე დააყენეს ეს საკითხი, თითქოსდა იყო რამე სულისკვეთება 19 აპრილის შეთანხმების, ცესკოს არსებულ წევრებთან დაკავშირებით, 19 აპრილის შეთანხმებაში საერთოდ არაფერია და ეს დაადასტურა კარლ ჰარცელმაც. ამის საწინააღმდეგოდ კიდევ რაღაცის მტკიცება უბრალოდ არასერიოზულია. იმედი მაქვს, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ. ეს არ არის მხოლოდ მხარდაჭერა ან მხარის არდაჭერის საკითხი, ეს არის 19 აპრილის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება. ოპოზიციას მხოლოდ ერთი ვალდებულება ჰქონდა - პარლამენტში შემოსვლა და რეფორმის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ მხარს არ დაუჭერენ, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმებას არღვევენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრები ანა ნაცვლიშვილი და შალვა შავგულიძე საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტზე ჯერჯერობით მხარდაჭერისგან თავს იკავებენ, თუმცა, ხმას არც კანონპროექტის წინააღმდეგ აძლევენ.