„ნაციონალური მოძრაობის“ არშემოსვლა შემაფერხებელი ვერ იქნება, რადგან ის სპექტრი, რომელიც უკვე წარმოდგენილია პარლამენტში, აბსოლუტურად საკმარისია საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად და საკმარისია პარლამენტის სრულფასოვნად მუშაობისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვა და იმ უხერხულობას, რომელიც აქვთ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, გადალახავენ. თუმცა, მათი არშემოსვლით არანაირი საფრთხე არ ექმნება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, რადგან მიზანი უკვე მიღწეულია, პოლიტიკურმა დაძაბულობამ ნამდვილად დაიკლო. ჩვენ გადავდივართ იმ საკითხებზე მუშაობაზე, რომლებიც დღის წესრიგით დგას ამ დოკუმენტიდან გამომდინარე. წინ გველოდება კომიტეტების გადანაწილება, ძალაუფლების გადანაწილება პარლამენტში და ა.შ. კომპრომისზე ევროპაში ამბობენ, რომ ეს არის ის პოლიტიკური კულტურა, რომელიც ევროპაში დანერგილია და ეს სურთ იხილონ აქაც. თუ საკითხების შეჯერება ხერხდება, გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა უკან დახევად არ უნდა ჩათვალოს ვინმემ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.