„ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის და მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში არის ძალიან დატვირთული დღის წესრიგი და ძალიან სწრაფად არის გასატარებელი საარჩევნო რეფორმა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.
„ჩემი აზრი არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის და მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი პარლამენტში და ეს დღის წესრიგი, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში შესრულდება, მიუხედავად იმისა, „ნაციონალური მოძრაობა“ რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საზოგადოებას რამდენიმე დღეში აცნობებენ.