„ნაციონალური მოძრაობა“ დროულად უნდა შეუერთდეს საპარლამენტო მუშაობას, რაც მათთვისაც კარგი იქნება და ქვეყნისთვისაც, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა განაცხადა.
„მართლა, რაღაცა ზღვარი ხომ აქვს? ჩემი აზრით, აღარ აქვს ამ გაჭიანურებას დრო. ვფიქრობ, ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ოპოზიცია სრულფასოვნად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ აქეთ იუსტიციის საბჭოზე ცდილობს რაღაცებს, იქეთ კანონპროექტების გაპარებას. ამიტომ უნდა დავასრულოთ ეს დავა და დროულად შეუერთდნენ შეთანხმებას. სწორი იქნება ეს ქვეყნისთვისაც, მათთვისაც, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჩვენი დასავლური რეპუტაციისთვის და ჩავერთოთ იმ ინტერესების დაცვაში, რაც დღეს ხალხს აქვს. გინდა ასე შევიდნენ, გინდა ისე შევიდნენ, გვერდის ავლით ან გვერდის შემოვლით, რა მნიშვნელობა აქვს, საკონსტიტუციო ცვლილებები მისაღებია, საარჩევნო ცვლილებები მისაღებია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.