ირაკლი წერეთელი - „გამსახურდია არ იყო საქართველოსთვის მისაღები კაცი.“

ირაკლი წერეთელი - „გამსახურდია არ იყო საქართველოსთვის მისაღები კაცი.“

(იბეჭდება შემოკლებით)

ირაკლი წერეთელი (პოლიტიკოსი):

ზვიად გამსახურდია, სამწუხაროდ, არ იყო საქართველოსთვის მისაღები კაცი. მან თვითონ აიმხედრა ხალხი, რადგან ხელისუფლებაში კომიკური და აუტანელი მდგომარეობა შექმნა.

ის თავისი მსოფლმხედველობით, უდავოდ, ეროვნული კაცი იყო, დიდი ერუდიციის მქონე პიროვნება, მაგრამ როგორც მმართველი პოლიტიკოსი, სუსტი აღმოჩნდა.

ზვიად გამსახურდიას გვერდით არასდროს დავდგომივარ. როდესაც ორი ურჩხული ერთმანეთს ებრძოდა და ქართველი ახალგაზრდობა იღუპებოდა, ვალდებულად ჩავთვალე თავი, ორივე მხარისთვის მომეწოდებინა, დამჯდარიყვნენ მილაპარაკების მაგიდასთან და თავიანთი ამბიციებისთვის არ გადაეყოლებინათ საქართველო.

მიტინგებისა და გამოსვლების დაწყებამდეც ვცადე გამსახურდიასთვის ხარვეზებზე მიმენიშნებინა. მან უზენაეს საბჭოში დამიბარა, სადაც მისი ცოლი და კარვის დედაკაცები ბინადრობდნენ.

მე მათ მოვერიდე, თავად კი, ჩემს, მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე - უშიშროების სამინისტროში შეხვედრაზე - უარი თქვა. ასე რომ, საუბარი არ შედგა. სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება კი მაშინ დაიწყო, როცა 2 სექტემბრის აქცია დაარბიეს.

ზვიად გამსახურდიას იარაღით გადაყენება შეცდომა გახლდათ, მაგრამ შეცდომა იმან მოინანიოს, ვინც ეს გააკეთა. მშვიდობიანი ბრძოლა მიტინგებით და დემონსტრაციებით, რომელსაც ჩვენ მივმართავდით, დანაშაულად არ მიმაჩნია.

მე რომ მესროლა, ვინანებდი. სისხლისღვრაში არავითარი მონაწილეობა არ მიმიღია. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ზვიად გამსახურდიამ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დეკემბერ-იანვარი არ მომხდარიყო. ამ მოვლენებში გამსახურდიასა და მისი ხელისუფლების წვლილი უდავოა.

„ზვიადისტებს“ დღესაც სურთ ძველი ხელისუფლების აღდგენა, მაგრამ მიცვალებულის აღდგენა უფრო რეალურია, ვიდრე იმ ხელისუფლებისა.