ელვის პრესლის საყვარელი ბისკვიტი

ელვის პრესლის საყვარელი ბისკვიტი

ამ ბისკვიტის მოზადებისას აუცილებელია ინგრედიენტების რაოდენობის და მომზადების პროცესის ზუსტი დაცვა, მაშინ შედეგი გარანტირებულად გემრიელი იქნება. ბისკვიტი სჯობს მირთმევამდე ერთი დღით ადრე გამოაცხოთ, რომ მოასწროს კარგად გაცივება და საჭირო კონდიციამდე მისვლა.

წინასწარი რჩევები:

ინგრედიენტების საზომად გამოიყენეთ 240 მლ-იანი ჭიქა. ზუსტი  ზომისთვის ბოლომდე გაავსეთ ჭიქა და შემდეგ აკურატულად გადაასწორეთ ზედაპირი დანის ბლაგვი პირით.

ბისკვიტის ცომი დაახლოებით ორჯერ დიდდება ზომაში, ამიტომ თქვენ დაგჭირდებათ საკმაოდ მაღალკედლებიანი საცხობი ფორმა, დიამეტრით 26 სმ და სიღრმით დაახლოებით 12 სმ (3 ლიტრიანი მოცულობის). ამერიკელები ასეთ ფორმას Bundt Pan-ს უწოდებენ, ის მთლიანი ფორმაა, კედლები არ ეხსნება. თუ თქვენი ფორმა შედარებით ნაკლები ზომისაა და არც ისე მაღალი კედლები აქვს, ან შეამცირეთ ინგრედიენტების რაოდენობა და ნახევარი ულუფა გამოაცხვეთ, ან გაავსეთ ფორმა ნახევრამდე, ხოლო დანარჩენი ცომი გაანაწილეთ მაფინების ფორმაში და პატარა მაფინებად დააცხვეთ.

ეცადეთ არ შეაღოთ ღუმელის კარი მანამ, სანამ ცხობის დასრულებამდე 15 წუთი არ დარჩება.

პროდუქტების მომზადება:

კარაქი დაარბილეთ;

ფქვილი სამჯერ (!) გაცერით და მხოლოდ ამის შემდეგ გადაზომეთ სამი ჭიქა — ეს აუცილებელი მომენტია, არ დატოვოთ იგი უყურადღებოდ;

გამოყენებამდე, კვერცხი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში;

საცხობ ფორმას კარგად, ზედმიწევნით წაუსვით კარაქი და შემდეგ მოაყარეთ ფქვილი. ზედმეტი ფქვილი ფორმიდან ხელის ოდნავი დარტყმით ჩამობერტყეთ ნიჟარაში;

ღუმელი წინასწარ არ გაახუროთ!

ინგრედიენტები

240   გრამი კარაქი

3   ჭიქა გაცრილი თეთრი ფქვილი

3/4  ჩ/კ სუფრის მარილი

3   ჭიქა შაქრის ფხვნილი

7   ცალი დიდი კვერცხი

2   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

1   ჭიქა ცხიმიანი ნაღები (30-35%)

ცოტა კარაქი

ფქვილი საცხობი ფორმისთვის

მომზადება

ღმრა ჯამში მიქსერით ათქვიფეთ კარაქი და შაქარი. აუცილებელია თქვიფოთ 10 წუთის განმავლობაში, ღია ფერის, ფაფუკი მასის მიღებამდე. დაამატეთ თითო-თითო კვერცხი, კარგად ათქვიფეთ თითოეულის შემდეგ. ბოლოს დაამატეთ ვანილის ექსტრაქტი და კიდევ ათქვიფეთ.

აურიეთ ერთმანეთში ფქვილი და მარილი. შეამცირეთ მიქსერის სიჩქარე მინიმუმამდე და დაამატეთ ჯამში ფქვილის ნახევარი, შემდეგ ნაღების მთლიანი ოდენობა და ბოლოს დარჩენილი ფქვილი. ამ პროცესში გააგრძელეთ ათქვეფა!

სილიკონის ნიჩბით კარგად ჩამოწმინდეთ ჯამის კედლები და ძირი, ამოურიეთ ბისკვიტის მასას, და შემდეგ კიდევ ათქვიფეთ, მაღალ სიჩქარეზე, 5-6 წუთის განმავლობაში, სანამ ძალიან ერთგვაროვან და ხავერდოვან ცომს არ მიიღებთ.

ჩაასხით მიღებული ცომი გამზადებულ ფორმაში, შემდეგ რამდენჯერმე მსუბუქად დააკაკუნეთ ფორმით მაგიდის ზედაპირზე, რომ გამოდევნოთ ცომიდან ჰაერის ზედმეტი ბუშტუკები. შედგით ღუმელში, შუა თაროზე, და ჩართეთ ღუმელი. ტემპერატურა დააყენეთ 160 გრადუსზე. გამოაცხვეთ 60-75 წუთი; ხის ჩხირით შეამოწმეთ ცომის მზაობა. გააცივეთ გამომცხვარი ბისკვიტი ფორმაში, 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ფრთხილად ამოაბრუნეთ ფორმა, გადმოიღეთ ნამცხვარი კულინარულ ბადეზე და ბოლომდე გააცივეთ.

სურვილისამებრ შეგიძლიათ მორთოთ შაქრის პუდრით ან პომადკით. გაამოთ!