აგვისტოს ომმა ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარეები გამოავლინა. იყო გმირობის და სულმდაბლობის მაგალითებიც. ღალატით ქართველებს რომ ვერ გავაკვირვებთ, ვიცით, მაგრამ ის, რაც დღევანდელი ჩვენი რესპონდენტისაგან მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი დაჩოქება არც ისე ადვილია, რომ მხოლოდ ჩვენ კი არა, უცხო ტომის წარმომადგენლებიც ამაყობენ ჩვენი მიწა-წყლით.
სამორი ბალდე წარმოშობით გვინეა-ბისაუელია. დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს. საქართველოს მოქალაქეა და ყველა იმ ვალდებულებას იღებს, რაც ჩვეულებრივ ქართველს აქვს სამშობლოს წინაშე.
ასე იყო შარშანაც, როცა სამორი, მეგობრებთან ერთად, რეზერვისტთა ბატალიონში ჩაეწერა და წელს - 8 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან დაუხვდა მტერს.
სამორი, როგორ მოხვდი საქართველოში?
- მამამ და დედამ ერთმანეთი მოსკოვში გაიცნეს, დედა ქართველია, მამა გვინეა-ბისაუელი. მოსკოვშივე იქორწინეს. 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, დედამ აქეთ წამომიყვანა დროებით. მერე აქაც დაიწყო ცნობილი მოვლენები და მამის სამშობლოში ვეღარ წავედით. ჰოდა, ასე შემოვრჩი დედულეთში. გვინეა-ბისაუში მამას ყოველდღე ვეკონტაქტები.
რეზერვისტებში შენი ნებით წახვედი?
- ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობდი და როგორც კი გამოცხადდა ,,წამო რეზერვშიო»,“ მაშინვე წავედი. მეორმოცე ბრიგადის პირველ ბატალიონში მოვხვდი. 8-ში ჩვენი ბატალიონი გორში წავიდა.
როგორც ვიცი, ომამდე ერთი კვირით ადრე, ფეხზე ოპერაცია გაიკეთე...
- მენისკის ოპერაცია გავიკეთე.
ხომ შეგეძლო გეთქვა მეთაურებისთვის და არ წაგიყვანდნენ.
- რომ მეთქვა, არ წამიყვანდნენ. ომი იყო, ჩემი მეგობრები წავიდნენ და მე რა გამაჩერებდა სახლში?
მოდი, ის პერიოდი გაიხსენე.
- საშინელება ხდებოდა. ერთ დიდ შენობაში შეგვიყვანეს მთელი ჩვენი რაზმი. დაბომბვა რომ დაიწყო, ჭურვი ჩვენს შენობასაც მოხვდა. კედელი ჩამოინგრა და რამდენიმე ბიჭი დაგვეჭრა. ის ღამე იქ გავათენეთ... კავშირიც კი არ გვქონდა. არ ვიცოდით წინ და უკან რა ხდებოდა. მეორე დღეს გორის დაცარიელების ბრძანება მოვიდა. მე და კიდევ სამი ბიჭი ერთად გამოვედით. მე გორში პირველად ვიყავი და გზა არ ვიცოდი. თან სიარული არ შემეძლო. მერე სხვა რეზერვისტები ვნახეთ და მათთან დავრჩით, ისინი უფრო გამოცდილი ხალხი იყო და მათთან ყოფნა ვარჩიეთ. ბოლოს, ავტობუსი მოიყვანეს და წამოგვიყვანეს.
რუსები რომ ამბობდნენ, ქართველების მხარეს ამერიკელები იბრძოდნენო, ალბათ შენ შეგნიშნეს..
- ეგ რომ თქვეს, ვიცი. შესაძლებელია მე მართლაც ამერიკელი ვეგონე. აბა რა იციან რუსებმა, ქართველი ზანგი თუ არსებობს.
შენები ალბათ ნერვიულობდნენ გვინეა-ბისაუში.
- მამა ხშირად რეკავდა და კითხულობდა ჩემს ამბავს.
სამორი, შენ შენი დედულეთის დასაცავად წახვედი ომში. ახლახან გამოქვეყნდა იმ ქართველ ჩინოსანთა სია, რომლებმაც ომის დროს დატოვეს ჩვენი ქვეყნის საზღვარი. რას ეტყოდი მათ?
- აბა მე რა უნდა ვუთხრა? მე ამ ქვეყნის შვილად ვთვლი თავს და როცა ამ ქვეყანას გაუჭირდება, ყოველთვის გვერდით დავუდგები. საქართველო ჩვენი სამშობლოა და მისთვის თავის გაწირვა ყველას უნდა შეეძლოს.
დაბომბვის დროს რაზე ფიქრობდი?
- იმ დროს ფიქრი ძნელია. რა თქმა უნდა, ზოგიერთს ეშინოდა, მაგრამ ესეც ბუნებრივია. როცა პირველი დაბომბვა მოხდა და ბიჭები დაიჭრნენ, მხოლოდ ერთს ვფიქრობდი, ბიჭებისთვის მეშველა.
სხვა ქვეყანაში იცხოვრებ?
- ვყოფილვარ ბევრ ქვეყანაში და ერთხანს მიცხოვრია სხვაგან, მაგრამ ისე მომნატრებია აქაურობა, რომ... მოკლედ რომ გიპასუხოთ, სხვა ქვეყანაში ვერ გავძლებ.
გვინეა-ბისაუში რა ხდება?
- იმათ გაუმართლათ და მეზობლად რუსეთი არ ჰყავთ.
პოლიტიკასთან როგორ ხარ?
- ჩვეულებრივ, როგორც ყველა ქართველი.
პროფესიით ეკონომისტი კი ხარ, მაგრამ პოლიტიკაში მოსვლას ხომ არ გეგმავ?
- (იცინის) შეიძლება ქართველი ობამა გავხდე! ჯერ არ ვიცი, მაგრამ გამორიცხული არაფერია.