ალეკო ელისაშვილი: ამნისტიაზე ვჩხუბობთ და არ გვინახავს რა წერია შიგნით - ჰაერს ვეჩხუბებით

ალეკო ელისაშვილი: ამნისტიაზე ვჩხუბობთ და არ გვინახავს რა წერია შიგნით - ჰაერს ვეჩხუბებით

ალეკო ელისაშვილის თქმით, თუ შეწყალების აქტი გავრცელდება იმ სამართალდამცველებზე, რომლებიც ხალხს დამიზნებით ესროდნენ და აწამებდნენ, მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამნისტიაზე ვჩხუბობთ და არ გვინახავს, რა წერია შიგნით. როდესაც ვნახავ, შეიძლება მხარი დავუჭიროთ და შეიძლება გავილაშქროთ. შევთანხმდით, რომ ამნისტიის საკითხი უნდა დაისვას, ამას მხარს ვუჭერთ, მაგრამ რა შინაარსი ექნება - ვისზე გავრცელდება, ვისზე არა, ჯერ არ გვინახავს და ვჩხუბობთ, ჰაერს ვეჩხუბებით.

ვინც ხალხს დამიზნებით ესროდა, აწამებდა, თვალს თხრიდა შეგნებულად, მიზანმიმართულად, იმათ გათავისუფლებას, რა თქმა უნდა მხარს არ დავუჭერთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ამნისტიის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიღება ოპტიმალური გამოსავალია, სხვების აზრით კი, ის არ უნდა შეეხოს ყველას, ვინც 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენების გამო სასჯელს იხდის.