„ქართული ოცნება“ ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს, დააინიცირებს ამნისტიის კანონპროექტს, დანარჩენი ოპოზიციაზე იქნება დამოკიდებული, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კონვენციური დათქმა იქნება და თუკი ვინმეს მიმართ შესაძლებელია გამოიკვეთოს კონვენციური მუხლის სტანდარტის შესაძლო დარღვევა, რა თქმა უნდა, მათ არ შეეხებათ ამნისტია.
„თუ დავაახლოებთ პოზიციებს, ჩვენ ამის სურვილი გვაქვს და იქნება ერთი კანონპროექტი. თუ ასე არ მოხდა, მაშინ „ქართული ოცნება“ ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და დააინიცირებს კანონპროექტს. დანარჩენი ოპოზიციაზე იქნება დამოკიდებული. არავის აქვს მიზნად და აზრად შეეხოს ისეთ ადამიანს, ვინც შესაძლოა ჩაიდინა წამება, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა. შესაბამისად მიდგომა იქნება თანაბარი, ერთიანი და სამართლიანი. იქნება კონვენციური დათქმა და თუკი ვინმეს მიმართ შესაძლებელოა, გამოიკვეთოს კონვენციური მუხლის სტანდარტის შესაძლო დარღვევა, რა თქმა უნდა, მათ არ შეეხებათ ამნისტია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ამნისტიის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიღება ოპტიმალური გამოსავალია, სხვების აზრით კი, ის არ უნდა შეეხოს ყველას, ვინც 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენების გამო სასჯელს იხდის.