(იბეჭდება შემოკლებით)
მთაწმინდა-კრწანისის სასამართლო, კოტე მახარაძის წინააღმდეგ „ქეთევან წამებულის საზოგადოების“ სარჩელს იხილავს.
ჰოლივუდური სენის - სკანდალური პროცესების დანერგვაში კოტე მახარაძეს ხელი „ქალთა გაზეთმა“ შეუწყო, როცა შარშანდელ თებერვლის ნომერში მისი ინტერვიუ გამოაქვეყნა.
მაშინ პოპულარულმა მსახიობმა და კომენტატორმა ქართველი ქალის ფენომენის შესახებ არატრადიციული და არაპოპულარული შეხედულებები გამოთქვა და საფუძველი ჩაუყარა ჩვენში ნოვატორულ მიმდინარეობას: საზოგადოება მსახიობის წინააღმდეგ.
შემდეგ კოტე მახარაძემ უარი თქვა, საჯაროდ უკან წაეღო თავისი სიტყვები. „ქეთევან წამებულის საზოგადოებამ“ პიროვნების შელახული პატივისა და ღირსების აღსადგენად სასამართლოს მიმართა.
საქმის აქამდე გაჯანჯლების მიზეზი არაერთი „გამოიძებნა“. მოპასუხე მხარის ადვოკატი ოთარ ბერიშვილი, „ქეთევან წამებულის საზოგადოებას“ არასათანადო მოსარჩლედ მიიჩნევდა და რადგანაც სარჩელში ფიგურირებდა დედოფალი, როგორც წმინდანი, იგი საპატრიარქოს სთხოვდა მოსარჩლის როლში გამოსვლას. მოსამართლემ წინა განჩინებით ეს მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მაგრამ გუშინდელ სხდომაზე საპატრიარქომ ოფიციალურად განაცხადა უარი თავის მხრიდან სარჩელის წარმოდგენაზე.
იმ მოტივაციით, რომ „ქეთევან წამებულის საზოგადოება“ პოლიტიკური ორგანიზაციაა, აქვს საკუთარი მოქალაქეობრივი დამოკიდებულება საკითხისადმი და, აქედან გამომდინარე, საპატრიარქო თანამოსარჩლე ვერ იქნება.
თანაც, კოტე მახარაძეს პირადად კათოლიკოს-პატრიარქთან უსაუბრია და მისთვის უთხოვია პატიება, თუმცა ბერიშვილი კატეგორიულად უარყოფს მისი კლიენტისაგან „მძიმე დანაშაულის“ აღიარებას, რაც საპატრიარქოს წერილშია დაფიქსირებული.
კოტე მახარაძის ადვოკატი, რომელიც გასულ სხდომაზე მსახიობის მოსაზრებების გაზიარებისთვის ერთ-ერთმა დამსწრეთაგანმა გაასილაქა, ამჯერად მოსამართლეს ოქმის შეცვლაში ადანაშაულებდა. მოსამართლე ნათელა ზვიადაძემ ადვოკატის გულმავიწყობას ლოგიკური გამართლება მოუძებნა: თქვენ ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენეს, აღელვებული იყავით და განჩინება ჯეროვნად ვერ გაანალიზეთო.
სიმშვიდით არც მეორე მხარის ადვოკატი გამოირჩეოდა. კოლეგის პრეტენზიულობით გაღიზიანებულმა გიორგი თოიძემ ერთი რეპლიკით გადაასხა ცივი წყალი სააკაშვილის სანაქებოდ რეფორმირებულ სასამართლოს: „წამო, დერეფანში გავარჩიოთ საქმეო“, - მოფარებულში დაპატიჟა თოიძემ ბერიშვილი. ცოტა ხანში კი ყურში ჩასჩურჩულა: ჭკვიანად თუ არ იქნები, ცხვირ-პირს დაგახევო. ბერიშვილიც ადგა და მოსამართლესთან დააბეზღა „ხულიგანი“ იურისტი.
უჩაქუჩო მოსამართლეს ხმის აწევით უხდებოდა მოპაექრეთა დაშოშმინება, მაგრამ მისი მონდომებისა და სარჩელის სერიოზულობის მიუხედავად, პროცესი მაინც სასეირო ხასიათს ატარებდა.
თუმცა, ახალი შტრიხებიც იყო. მოწმეთა სახით „შერისხული“ ინტერვიუს ავტორი, ჟურნალისტი ნათელა თუთისანი და „ქალთა გაზეთის“ რედაქტორი ცირა კუპატაძე დაკითხეს. ეს უკანასკნელი დანაშაულში „შეეხიდა“ კოტე მახარაძეს და აღიარა, რომ სკანდალი ნაწილობრივ კორექტურულმა შეცდომამ გამოიწვია.
ფაქტობრივად, გაზეთში არასწორად მხოლოდ ერთი ფრაზა გაიპარა, რაც პრინციპულად წერილის არსს არ ცვლის.
მისი აქამდე არდაუნახაობა ნათელა თუთისანის ქალაქში ხანგრძლივად არყოფნამ გამოიწვია.
დღეს კი, ცირა კუპატაძე თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს, და არ სარგებლობს იმ შეღავათით, კოტე მახარაძემ რომ მიანიჭა: ასჯერ მეტი რამ რომ დამაბრალონ, ქალებს პირზე არ დავადგები და არ დავუპირისპირდებიო. - მანდილოსნებთან ჯენტლმენურ დათმობაზე მიდის წმინდანების შეურაცხყოფის ბრალდებული მსახიობი.
უახლოეს დღეებში გადაწყვეტილების მიღება მოსამართლეს მოუწევს, რომელიც ქართველია და თან ქალი.