ჯაბა იოსელიანის პიროვნების გარშემო კვლავ გრძელდება მითქმა-მოთქმა, რაც მოსახლეობაში ურთიერთგამომრიცხავ, საწინააღმდეგო ჭორებს ბადებს.
ერთ-ერთი ბოლო „ვერსიით“ ბატონ ჯაბას 17 ოქტომბერს პარლამენტი იმუნიტეტს მოუხსნის და... თავად ბატონი ჯაბა კი აცხადებს:
გამოქვეყნდა ინფორმაცია, თითქოს 17 ოქტომბერს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში თქვენ იმუნიტეტს მოგიხსნიან და დაგაპატიმრებენ.
-პირველად მესმის.
პარლამენტში მოსვლას აპირებთ?
-რა თქმა უნდა!
17 ოქტომბერს კონსტიტუციაზე ხელი უნდა მოაწერონ. თქვენ როგორ აფასებთ ამ კონსტიტუციას?
-ეს კონსტიტუცია არ არის. ეს საკონსტიტუციო აქტია. ტერიტორიულ მოწყობაზე, საკუთრებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი არ არის. ადგილობრივი მმართველობის შესახებ ხომ საერთოდ არაფერია ნათქვამი. აბა, ეს რა კონსტიტუციაა. ეს არის კანონი ძალაუფლების შესახებ. განსაზღვრულია მხოლოდ პრეზიდენტისა და პარლამენტის უფლებები და ყველაფერი მათზეა აგებული. ხალხს და ქვეყანას რა უნდა ჰქონდეს. ამაზე ლაპარაკი არც არის...
მაშინ რატომ აწერთ ხელს?
-ვინ გითხრათ, რომ ვაწერ? ჩვენ მაინც ამბიციები გვჭამს. ყველას თავისი კონსტიტუცია უნდა რომ მიიღოს. გახსოვთ, ალბათ როგორ დაიწყო: ლენინმა თავისი კონსტიტუცია მიიღო, სტალინმა თავისი, ბრეჟნევმაც თავისი.
შევარდნაძე თავისას იღებს?
-დიახ! და მთელი აჟიოტაჟიც ამაზეა. მხოლოდ კონსტიტუციური აქტი რომ გვქონდეს, რა ნაკლებ ხორბალს მოგვცემდნენ? ეს ხომ ზღაპარია, თორემ სტალინს და ჰიტლერს რომ კონსტიტუცია ჰქონდათ, იმაზე უკეთესი იშვიათად თუ მოიძებნება. მაგრამ რომელი მათგანი უყურებდა ამ კონსტიტუციას?
გამოდის, რომ ამ კონსტიტუციას იურიდიული საფუძველი არ ექნება?
-რასაკვირველია! ეს უკვე ირღვევა.
რითი?
- იმით, რომ კონსტიტუცია მიუღებელია და სახელმწიფოს მეთაური საგანგებო უფლებებით სარგებლობს. ახლა ამბობენ, ჯერ ხელი უნდა მოეწეროსო. ეს ხომ სიცრუეა. ხელისუფლების შესახებ კანონში წერია: კონსტიტუცია ძალაში შედის მიღებისთანავე. ჩვენ კი კონსტიტუცია 24 აგვისტოს მივიღეთ. სწორედ ეს მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ კონსტიტუცია ბიბლიოთეკებში დარჩება. ცხოვრება კი წინ წავა.
მე ისევ ხვალინდელს მივუბრუნდები, რამდენად რეალურია თქვენი დაკავება?
- ეს სისულელეა! როგორ თუ დამაკავონ. დამაკავონ, რა ბნელა? ქვეყანა ჩალით კი არ არის დახურული. როგორ დამაკავებენ, ვნახავ!