ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ არის

ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ არის

ახლა ჩვენ დანის პირზე მივდივართ, ეკონომიკაც არ უნდა დავკეტოთ სრულად, როგორც შარშან და მეორე მხრივ, ვაქცინაცია უნდა გავააქტიუროთ, ამიტომ დამატებით შეზღუდვებზე ახლა საუბარი არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ახლა მთავარია აღსრულება იმისა, რაც არის, იყოს მაქსიმალური. ასევე აუცილებელია ჩვენი თვითშეგნება, რომ არ გვინდა დიდი თავშეყრა, აქედან იწყება ბევრი რამ. დღეს რამდენი შემთხვევაცაა, ამას ჯანდაცვის სექტორი მართავს, მაგრამ არ უნდა ავიდეთ 2,4, 5 ათასზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 301 535 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 284 286, გარდაიცვალა 3 992 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.