მართალია, საერთაშორისო გამოკვლევის თანახმად, საქართველო მედიის თავისუფლების მხრივ 99-ე ადგილს იკავებს, მაგრამ, ამის მიუხედავადაც, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხრივ ვითარება გაუმჯობესდა.
ეს ბრძნული დასკვნა ამჯერად საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ქ-ნმა ჩიორა თაქთაქიშვილმა გაგვანდო
იმ მარტივი მიზეზით, რომ თქვენი მონა-მორჩილი შევარდნაძის შავბნელად წოდებულ პერიოდშიც ამავე საქმიანობას ეწეოდა, საკუთარი დაკვირვებით მოგახსენებთ, რომ ქ-ნ ჩიორას ვერ დავეთანხმები (როგორც უკვე მოგახსენეთ, ხალხის რჩეულ ქ-ნს არც საერთაშორისო კვლევები ეთანხმება).
მის მიერ დასახელებული არგუმენტების მიუხედავადაც (გაიზარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა, ის მრავალფეროავნად დაკომპლექტდა, გამოცხადდა საგადასახადო ამნისტია ელმედიისთვის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი შემოვიდა და ა. შ.) ჩემი მოსაზრების დასტურად კი, გასულ კვირას მომხდარ ერთ ისტორიას მოგახსენებთ.
იმ ავბედით 9 ნოემბერს, როდესაც მეთორმეტეკლასელები (სხვათა შორის, მათი უმრავლესობა სრულწლოვანია!) საპროტესტო აქციას მართავდნენ, „რუსთავი 2-ის“ გადამღები ჯგუფი თბილისის ერთ-ერთ სკოლას ეწვია (სკოლას განზრახ არ ვასახელებ, განათლების სამინისტრომ უჩემოდაც კარგად იცის სკოლის ნომერი თუ არადა, არც ამას დავამადლი, მოვახსენებ) სიუჟეტის მოსამზადებლად, პათოსით, რომ მოსწავლეები გმობენ თავიანთი თანატოლების პროტესტს.
მიუხედავად დირექტორის შემამზადებელი დამოძღვრისა (არ დამოძღვრავდა და მისი აჯობებდა), მეთორმეტეკლასელებმა განაცხადეს, რომ ეთანხმებიან თანატოლების პროტესტს (რაც არ გვასწავლეს, რატომ უნდა ჩავაბაროთო), რამაც, თვითმხილველთა თქმით, „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტი ისე აღაშფოთა, რომ ამ უკანასკნელმა არც კი დაუმალა მოსწავლეებს (აი, იმათ, რომ არწმუნებენ, სუპერდემოკრატიული ქვეყანა გვაქვსო), რომ ისეთ სკოლაში წავიდოდა, სადაც მოსწავლეები „საღად აზროვნებდნენ“ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „საღად“, ანუ ისე, როგორც ჟურნალისტს და ტელეკომპანიას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი).
თუმცა, როგორც ჩანს, ასეთი სკოლა ვერ აღმოაჩინა იმ მარტივი მიზეზითაც, რომ მეთორმეტეკლასელებს, ძირითადად, პირველ ცვლაში უტარდებათ გაკვეთილები (სკოლა, რომლის ისტორიასაც მოგახსენებთ, ის იშვიათი გამონაკლისია, რომელშიც მეთორმეტეკლასელები მეორე ცვლაში სწავლობენ), რადგან იმავე საღამოს „რუსთავი 2-მა“ მაინც გაუშვა წინასწარჩაფიქრებული სიუჟეტი, ფონად იმ სკოლის მეთორმეტეკლასელების კადრები დაუდო, რომლებიც „საღად“ არ აზროვნებდნენ (თუმცა საკადრე მასალად მაინც გამოდგებოდნენ), სათქმელი კი ჟურნალისტის ხმამ თქვა, რომელიც სიუჟეტს თან გასდევდა.
იმ სკოლის დირექციას ხელი არც სამინისტრომ დააკლო, ჩიტის მიერ მოტანილი ხმებით, განათლების სამინისტროც აღშფოთებულა, დაახლოებით, იმავე პათოსით, სამი ბავშვიც ვერ მონახეთ „საღად მოაზროვნეო“.
ხოლო, სანამ ჩინოვონიკებსა და ტელეჟურნალისტთა უმეტესობას დამთხვეული აზრები აქვთ, საღად აზროვნებად კი მათთვის მისაღები აზროვნება მიაჩნიათ, არ გაიშვა ქართული მედიის თავისუფლება-დამოუკიდებლობა!