ლევან გაჩეჩილაძე - „სააკაშვილს ჩემი სიტყვა წინ არასოდეს დახვედრია“

ლევან გაჩეჩილაძე - „სააკაშვილს ჩემი სიტყვა წინ არასოდეს დახვედრია“

«ხელისუფლების თავდასხმების არ გვეშინია. უარესი ჩხუბებისთვისაც მზად ვართ. არ მოისვენებენ? - არ მოვისვენებთ. გაავსონ ციხეები.  რაკი დიქტატურას ვებრძვით, ციხისთვისაც მზად ვართ. ხომ იცით, «თავისუფლება ისე არ მოდის...» - ამბობს ლევან გაჩეჩელაძე,  რომელსაც პრეზიდენტთან აუდიენციასა და ოპოზიციის გეგმებზე ვკითხეთ:

- სააკაშვილთან შეხვედრის გამო იმდენად გადამიარ-გადმომიარა პრესამ და ტელევიზიამ, რაც სათქმელი მქონდა, ყველაფერი ვთქვი.  მომავალ კვირას მეტი სალაპარაკო მექნება.  არის შანსი, ისეთი ხალხი გამოუშვან ციხიდან, რომ დიდი ეფექტი იქნება და ამ თემაზე მარტო თქვენთან ვისაუბრებ დეტალურად.

მაინც მინდა რამდენიმე კითხვაზე მიპასუხოთ. ითქვა, რომ პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის სავარძელი შემოგთავაზათ.

- არავის არაფერი არ შემოუთავაზებია. პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორი აბსოლუტურად განსხვავებული აზრი გამოიკვეთა. ვილაპარაკეთ, რას ნიშნავს პოლიციის დეპოლიტიზაცია. მისი გაგებით, ეს ნიშნავს შს, იუსტიციის მინისტრებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობის შემოთავაზებას. ჩემი გაგებით კი პოლიციის დეპოლიტიზაცია სისტემის ცვლილებას, პოლიციისა და უშიშროების დაშლას ნიშნავს. შეიძლება შერიფის არჩევითი პოსტის შემოღებაც.  ასეთი კონტექსტი იყო, თორემ სააკაშვილს არ უთქვამს, მოადგილეების თანამდებობები წაიღეთო. ეს ფასადის შეცვლისთვის გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა სისტემის შესაცვლელად.

როდესაც პრეზიდენტთან შეხვედრის შემდგომ პოლიტიკიდან წასვლა ახსენეთ, გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს სააკაშვილმა გთხოვათ.

- მსგავსი არაფერი ყოფილა. პარტიის შექმნა ბევრჯერ შემეძლო, მაგრამ არ შემიქმნია, რადგან პარტიის მშენებლობა ძალიან სერიოზული საქმეა, მე კი ბუნებით არ ვარ პოლიტიკოსი. სხვა რამ უფრო მაინტერესებს: რაღაცის შექმნა, პედაგოგიკა, მეწარმეობა. განგებამ მოიტანა, რომ ჩემი სიტყვა უნდა ვთქვა ამ რეჟიმისა და უსამართლობის დანგრევაში. არ გავჩერდები, სანამ მიზანს არ მივაღწევ.

ლექციების წაკითხვის სურვილი ხომ არ გაგიჩნდათ?

- ადრე ბიზნესსკოლებში ვკითხულობდი ლექციებს. სტუდენტები მიწვევდნენ... ჩემი გამოცდილების კაცმა, როცა იქნება, გამოცდილება უნდა გაუზიაროს ახალგაზდრებს, რომ ცხოვრებაში შეცდომები არ დაუშვან.

ლევან, ბევრმა თქვა, სააკაშვილს სამი საათი ელაპარაკა და შეხვედრიდან რომ გამოვიდა, მხოლოდ სამი წინადადება თქვაო.

- რა გავაკეთო, აღარ ვიცი! არ იყო, კაცო, სამსაათიანი შეხვედრა. ზუსტად საათი და ორმოცდახუთი წუთი ვილაპარაკეთ. შეგვატყობინეს, რომ დააგვიანდებოდა და ჩვენც გვიან მივედით.

და რა იყო საუბრის შედეგი?

- როდესაც აზრთა სხვადასხვაობა გამოჩნდა და მივხვდით, შეთანხმება შექმნილი ვითარების შეფასებაზეც კი შეუძლებელი იყო, შედარებით დაბალწონიან (პრეზიდენტის გადადგომასთან შედარებით) საკითხებზე გადავედით. ვილაპარაკეთ «იმედის»" პატარკაციშვილის ოჯახისათვის დაბრუნებაზე, რაზეც მიპასუხა, ეს რუსეთის ინტერესებში შედისო. გასაგებია, რომ რუსეთი მონსტრი და საქართველოს ოკუპანტია, მაგრამ ამ მიზეზის გამოყენება საქართველოს განვითარების საწინააღმდეგოდ ვერ წარმომიდგენია.

საუბრის მეორე თემა იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ჯერჯერობით, იმ პირებზეა ლაპარაკი, რომლებიც აქციებში მონაწილეობისა და ჩხუბის გამო არიან დაჭერილი.

სააკაშვილმა აღიარა, რომ პოლიტიკური პატიმრები არიან ქვეყანაში?

- დებატები არ დაგვიწყია. მაგის აღიარებითი ჩვენება რომ მნდომოდა, ვერ მივიღებდი პირობას პატიმრების გამოშვებაზე.

ამას წინათ ინტერვიუში მითხარით, ერთი ერთზე შეხვედრისას სააკაშვილი სხვანაირია, ვიდრე საჯაროდო. როგორი იყო სააკაშვილი ამჯერად?

- ისეთი მიშა იყო, როგორსაც ვიცნობ, - ბუნებრივი. ბევრად განსხვავებული, ვიდრე შს სამინისტროში შეხვედრისას. მაშინდელი შეხვედრა ბევრად თეატრალიზებული იყო.

მინდა ირაკლი ალასანიას პარტიაში თქვენს სავარაუდო გაწევრებაზე გკითხოთ.

- ჯერჯერობით, არც ერთ პარტიაში არ შევდივარ. როდესაც ირაკლი პარტიას შექმნის, ალბათ, მერე დაიწყებს პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს. მე და ირაკლის ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვგულისხმობ როგორც მეგობრულ, ასევე პოლიტიკურ ურთიერთობას. ვნახოთ, რა იქნება, თორემ მე რომ რომელიმე პარტიაში შესვლა არ გამიჭირდება, იცით, ალბათ.

ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ მაინცდამაინც ლევან გაჩეჩილაძეს შეხვდა სააკაშვილიო.

- ჩვენი პიროვნული ურთიერთობიდან და კიდევ, ჩემი მწარე და მისი ტკბილი გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩემი სიტყვა მას წინ არასოდეს დახვედრია. საქართველოსთვის მძიმე წუთებში მისთვის  მხარდაჭერა გამომიხატავს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა არჩევნები მომპარა.

საიდუმლო შეგინახავთ სააკაშვილისთვის?

- რა თქმა უნდა, და ისიც, რომ საქართველოსთვის მძიმე წუთებში განვაცხადე, რუსეთის საქმე არ არის, საქართველოს პრეზიდენტი ვინ იქნება-მეთქი. ეჭვი მეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილს იგივე გაეკეთებინა.

ზემოთ ახსენეთ, პრესამ გადამიარაო. ყველაზე უსამართლო რომელი ბრალდება იყო?

- აღარც მახსოვს, რომელი გაზეთები იყო. ჟურნალისტები რომ სოდ-ის და კუდ-ის დავალებებს ასრულებენ, ჰიპერუსამართლობაა. ზოგიერთი ჟურნალისტის სამოქალაქო პასუხისმგებლობა მინუსუსასრულობაშია გადასული.

სხვათა შორის, ჩემთან საუბრისას საკმაოდ მაღალი რანგის ყოფილმა მოხელემ განაცხადა, ოპოზიციის წარმომადგენელმა ხელისუფლებისგან  ფული აიღო, თანხა პაატა დავითაიას სახლში გადასცესო.

- ეს რომ მომხდარიყო, დავითაია არ იტყოდა? თუ ვინმეს ფულს აძლევენ, დისკრედიტაციისთვის მისცემენ და გგონიათ, ამას არ ჩაწერდნენ და  მის სახელს არ იტყოდნენ? რა უბედურებაა ამდენი ჭორი, რა საჭიროა ამდენი მონაჩმახის გავრცელება? რა გახდა ეს ერთი სკამი? 1937 წელში მგონია თავი. იცით რა ხდება სახელმწიფო სამსახურებში? ერთმანეთის ეშინიათ თანამშრომლებს, ჩამიშვებსო. შიში, უნდობლობა და ჭორია ყველა სტრუქტურაში გამეფებული. ეს თავად ჩვენი საზოგადოების მანკიერ თვისებებზე მეტყველებს. ამიტომაც ვიბრძვით, რომ საზოგადოება პოლიტიკურად და მორალურად განვითარდეს.

მე ვმუშაობ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შესაქმნელად. ეს საზოგადოების, ბევრი ცნობილი პირის ინიციატივაა. ეს დათო მაღრაძისგან შევიტყვე და მას მეც ვუერთდები. საზოგადოება დიდ ლაშქრად უნდა იქცეს, რათა უკეთურს კარგი სისტემა დავუპირისპიროთ.

არ შეიძლება ხელისუფლებას საქართველოს დაქუცმაცებისა და დაშლის ხარჯზე მოვერიოთ. ქართველი თუ ქართველის სისხლს დაღვრის, მერე რა მოხდება?!  თუ სისხლიანი დაპირისპირება გაჩაღდა, ვინ ისარგებლებს? მტერი ხომ?!

ხალხის პოლიტიკური ზრდა მარწმუნებს, რომ ხვალ ის არ მოხდება, რაც დღეს ხდება. არ იქნება ძალადობა, თავისუფალი სიტყვის დათრგუნვა, ერთ კაცზე ჩამოკიდებული ქვეყანა და დაკარგული ტერიტორიები.

ამ გაზრდილ საზოგადოებას  დაუწუნა ზოგმა კვერცხის სროლა და პანღურები.

- სამოქალაქო ტანსაცმლიანი ზონდერები და პოლიცია მე მივუსიე მომიტინგეებს, მე დავაჯახე მანქანები საკნებს? სააკაშვილმა დაიწყო საქართველოში ქვის სროლა. გაიხსენეთ მიშას ბოლნისი. ვინც მაშინ ბოლნისში ქვებს ისროდა, სწორედ ის ხალხია  დღეს ზონდერების უფროსი.