რა უნდოდა სააკაშვილს  აკაკი ელიავას სამხედრო ამბოხის დღეს ბათუმში?

რა უნდოდა სააკაშვილს აკაკი ელიავას სამხედრო ამბოხის დღეს ბათუმში?

19 ოქტომბერს აკაკი ელიავას ამბოხებიდან 12 წელი სრულდება. სენაკის სამხედრო ბაზაზე დაწყებულმა არეულობამ მაშინ საქართველო კინაღამ ახალ სამოქალაქო ომამდე მიიყვანა.

იმერეთში პრეზიდენტის მაშინდელი რწმუნებული თემურ შაშიაშვილი ამბობდა, რომ ეს ამბოხი ბათუმიდან იმართებოდა. ის დღესაც ამას ამტკიცებს. და იმის გარკვევა სურს, რას აკეთებდა იმ დღეს სააკაშვილი ბათუმში.

„მე ამ კითხვის დასმას 19 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვაპირებ. მიპასუხოს სააკაშვილმა, რა უნდოდა სამხედრო ამბოხის დღეს იქ, საიდანაც ეს ამბოხება იმართებოდა.” - განაცხადა ჩვენთან საუბარში შაშიაშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილი კარგა ხანს მალავდა, რომ იმ დღეს ასლან აბაშიძესთან ერთად იყო.  იქ ყოფნის დეტალები კი მოგვიანებით შაშიაშვილისთვის რომანტიკულად დაუხატია.

შაშიაშვილი იმ ჩვენების გამოქვეყნებასაც ითხოვს, რომელიც მაშინ მან სამხედრო პროკურატურას მისცა. ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ ის ჩვენება თავიდან ბოლომდე ვიდეოზეა ჩაწერილი. ამ ჩვენებაში ბევრი საინტერესო დეტალი ყოფილა.

მას იმედი არა აქვს, რომ ხელისუფლება ამ საქმესთან დაკავშირებით რაიმე კომენტარს გააკეთებს. ამიტომაც თავად აპირებს ამბოხების 12 წლისთავზე სკანდალური განცხადების გაკეთებას.

ცნობისათვის, ელიავას ბუნტის სახელით მომხდარი სამხედრო ამბოხება 1998 წლის 19 ოქტომბერს მოხდა. ამბოხებულები სენაკის ბაზიდან 30 ტანკით თბილისისკენ დაიძრნენ.

მოსალოდნელი სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზენით ამბოხებულებს საკუთარი ნებით მძევლად ჩაბარდნენ თემურ შაშიაშვილი და ჯემალ გახოკიძე. ეს უკანასკნელი მაშინ საქართველოს უშიშროების მინისტრი იყო.