გია ყარყარაშვილი - „კეკელიძე შევარდნაძის პოლიტიკას შეეწირა“

გია ყარყარაშვილი - „კეკელიძე შევარდნაძის პოლიტიკას შეეწირა“

(იბეჭდება შემოკლებით)

1994 წლის 3 თებერვალს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნიკუშა კეკელიძე საკუთარ სახლში ააფეთქეს.

საქმეს უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი იძიებდა, მაგრამ დამნაშავის დაუდგენლობის გამო, ძიება შეწყდა. კეკელიძის მკვლელობაზე რამდენიმე ვერსია გავრცელდა, თუმცა, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, გია ყარყარაშვილის მტკიცებით, ნიკუშა კეკელიძე იარაღის ბიზნესმა შეიწირა.

-ნიკუშა კეკელიძესთან ურთიერთობები და მოგონებები ჩემთვის სასიამოვნოცაა და მტკივნეულიც. თუნდაც, იმიტომ, რომ ის იგივე ძალების მსხვერპლი აღმოჩნდა, რომლებსაც მეც დავუპირისპირდი.

გაცილებით ადრე ვამბობდი, თუ რამხელა ბოროტების მოტანა შეეძლოთ ამ ძალებს ხელისუფლებისა და ყველა ჩვენგანისთვის. ძალიან ბევრმა, პრეზიდენტის ჩათვლით, ამ ბოროტების სიმძაფრე უკვე იწვნია. ნიკუშა თბილი, ერთგული და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი იყო, თუმცა, ადვილად ფეთქებადი და ფიცხი. იგი ნიჭიერიც გახლდათ. როცა აფხაზეთში მდგომარეობა დაიძაბა, მან ხელისუფლებას სთხოვა, იარაღის შესაძენად კრედიტი გამოეყო.

რა რაოდენობის კრედიტი გამოუყვეს?

-თუ არ ვცდები, ნახევარი მილიონი დოლარის. ამ საკითხს მოგვიანებით სამხედრო პროკურატურა იძიებდა.

სამხედრო პროკურატურა რატომ დაინტერესდა?

-ჩვენთან ხომ ასე ხდება, როცა ქვეყანას უჭირს, ხმას არავინ იღებს. საუბარს გვიან იწყებენ. იმის გარკვევა დაიწყეს, კრედიტი რამდენად კანონიერად გამოეყო და შემდეგ რამდენად სწორედ გამოიყენეს.

იარაღი რომელი ქვეყნებიდან შემოჰქონდათ?

-ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან.

დიდი პარტიები შემოიტანა?

-ზუსტი რაოდენობა არ მახსოვს. პირველი პარტია სამი ათასი ცალი იყო. მეორე, არ ვიცი. მესამე პარტიაც უნდა ჩამოეტანა, მაგრამ აღარ დასცალდა. მან, პოსტკომუნისტურ სამყაროში ერთადერთმა შეძლო, იარაღის ახალ ბაზარზე გასულიყო და საქართველოში იარაღი შემოეტანა.

კეკელიძის მკვლელობას სწორედ იარაღის ბიზნესს უკავშირებენ...

-რასაც ნიკუშა კეკელიძე აკეთებდა, არ შეიძლება ბიზნესი ვუწოდოთ. მას იარაღის შემოტანით ფული არ გაუკეთებია. დღეს ამ ოპერაციას, რატომღაც, ყველა ბიზნესად აღიქვამს. მან, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა, ამ ქვეყნებთან ხელშეკრულებები დადო. ეს ხელშეკრულებები მინისტრთა კაბინეტში და თავდაცვის სამინისტროშიც შემოვიდა. იარაღის ფასები მინიმალური იყო. ეს იარაღი რომ საქართველოში არ შემოსულიყო, ვერ გეტყვით დღეს რა სიტუაცია იქნებოდა.

და მაინც?

-შეიძლება, ამ ხელისუფლებას ძალაუფლება დაეკარგა. იმ დროს, როცა სამეგრელოში დაპირისპირება იყო და ხელისუფლების შეცვლის რეალური საშიშროება არსებობდა, ერთ-ერთი, სწორედ ნიკუშა კეკელიძე იყო, ვინც ამ პროცესებს ხელი შეუშალა.

იარაღის შემოტანით  შეუშალა ხელი?

-მაშინ თუ ვინმეს იარაღი ჰქონდა, ზოგმა სოხუმში დატოვა, ზოგმა - სხვაგან. საქართველოს ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნება ცარიელი ხელებით უწევდა. კეკელიძის იარაღმა ყველას სულზე მოუსწრო. ვის ვის და, საქართველოს პრეზიდენტს ყველაზე კარგად უნდა ახსოვდეს, ამ იარაღის შემოტანამ რა შედეგიც მოგვცა. ისიც უნდა იცოდეს, იარაღის ახალ ბაზარზე გასასვლელად კეკელიძეს რა წინააღმდეგობები ხვდებოდა.

რა წინააღმდეგობები არსებობდა და ვისგან?

-პირველი წინააღმდეგობა ის იყო, რომ გარკვეულ ძალებს საქართველოს ახალ ბაზარზე გასვლა არ აწყობდათ. სწორედ ამ ძალებს არ სურდათ, რომ ჩვენს ქვეყანას ძლიერი შეიარაღება ჰქონოდა. ეს ძალები სოხუმის დაცემაზეც აქტიურად მუშაობდნენ. მიუხედავად ამისა, კეკელიძემ თავისას მიაღწია. მას მიაჩნდა, რომ თავისი ბიზნესით გაცილებით მეტი სიკეთის მოტანა შეეძლო, ვიდრე ათ შეიარაღებულ ჯარისკაცს. ეს ფაქტი არც მაშინ და არც ახლა, სათანადოდ არ შეუფასებიათ. ეს მართლაც გმირობა იყო. სამწუხაროდ, პირადად ჩემგან, ნიკუშას დახმარება და ხელშეწყობა არ ჰქონია.

აბა, პარტნიორებად რატომ ითვლებოდით?

-ალბათ, იმიტომ, რომ მეგობრები ვიყავით. თანაც, ნიკუშა ჩემი მოადგილე იყო. მე სხვა საქმეები მქონდა და ამისთვის არ მეცალა. ამასთან, არც ისეთი ურთიერთობები მქონია, რომ იარაღის ყიდვა შემძლებოდა. მაშინ საქართველოს ხელისუფლება იარაღის შემოტანაზე რუსეთთან და უკრაინასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მაგრამ ეს მოლაპარაკებები ყოველთვის კრახით მთავრდებოდა.

რატომ?

-იმიტომ, რომ იარაღის შემოტანას ყოველთვის საკავშირო სუკი აკონტროლებდა. ეს იმდენად ძლიერი ძალა იყო, რომ, იმ ქვეყანაში, რომელთანაც მოლაპარაკებას ვაწარმოებდით, შეეძლო, ერთი პატარა წერილი გაეგზავნა და ყველაფერი ჩაეშალა.

თქვენ ამ ძალებზე ზოგადად საუბრობთ. კეკელიძეს, კონკრეტულად, ვინ დაუპირისპირდა?

-მაშინ ხელისუფლების სათავეში ის პირები ისხდნენ, ვინც საქართველოს კეთილდღეობას ჩრდილოეთთან ურთიერთობაში ხედავდნენ.

სოხუმის დაცემის შემდეგ სახელმწიფო კურსი რადიკალურად შეიცვალა. რუსეთის სპეცსამსახურები უკვე პირდაპირ და დაუფარავად ერეოდნენ ჩვენს საქმეებში. სტრუქტურების ხელმძღვანელებს კი არა, რიგით თანამშრომლებსაც კი მოსკოვიდან ნიშნავდნენ. საქართველომ დამოუკიდებლობა და თავისი სახე ყველაზე მეტად სწორედ იმ თვეებში დაკარგა. პრეზიდენტი მოსკოვთან შეუთანხმებლად მინისტრს ვეღარ ნიშნავდა. მას, საერთოდ, არაფრის უფლება აღარ ჰქონდა. და თუ შევარდნაძე ბრმად მორჩილი არ იქნებოდა, ამ დაუმორჩილებლობას მისი ტახტი შეეწირებოდა. მისი ძალაუფლების შენარჩუნებას კი ხალხი შეეწირა. მათ შორის ნიკუშა კეკელიძე.

თქვენ, რა პრეზიდენტს ადანაშაულებთ?

-კეკელიძის მკვლელობა პრეზიდენტის ინტერესებში არ უნდა ყოფილიყო. შევარდნაძე სწორედ კეკელიძის წყალობით გადაურჩა გამსახურდიას ხელისუფლებაში დაბრუნებას. ნიკუშამ კი ამას სიცოცხლე შესწირა.

გამოდის, რომ კეკელიძე პრეზიდენტს მსხვერპლად შეეწირა?

-პრეზიდენტის პოლიტიკას შეეწირა. მისი მკვლელობის პირდაპირი მიზეზი ის იყო, რომ იარაღი უცხო ბაზრიდან არ შემოსულიყო. ამას რუსეთის სპეცსამსახურები უშლიდნენ ხელს.