ოპოზიციას არანაირ ვერსიაზე ხელის მოწერა არ უნდოდა, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებელს“, ეგეც ქოშებს უკუღმა ყრიდა. სალომე ზურაბიშვილისთვის დაბრალება არასერიოზულია, დანიელსონს დავაბრალოთ ბარემ,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტში ერთმნიშვნელოვნად ხელმოწერის მომხრე ვახტანგ მეგრელიშვილი იყო, „ქართული ოცნება“ კი გარკვეული დათქმებით ხელმოსაწერად იყო მზად.
„ვახო მეგრელიშვილი იყო, ვინც შეთანხმებას ხელი არ ჰკრა. ის იყო ერთადერთი, ვინც ამბობდა, მზად ვარ, ხელი მოვაწერო შეთანხმებასო, მაგრამ თავიდანვე, რომ შევედით, დანიელსონმა თქვა, ამ დოკუმენტს ან ყველა აწერს ხელს, ან არავინო. ღია მზაობა ჰქონდა ვახო მეგრელიშვილს და მეც ვამბობდი, რომ მოვაწერდი ხელს. ვამბობდი, რომ რაც აქ ხდება, დიდი უპასუხისმგებლობაა და კომპრომისია იყო საჭირო. სინამდვილეში ძალიან სამარცხვინო ამბები ხდებოდა. ვამბობდი გუშინ შესვლამდე, დღეს გამოჩნდება, ვის უყვარს ქვეყანა და ვის - არა მეთქი. აღმოჩნდა, რომ დანიელსონს, კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს უყვართ ეს ქვეყანა და ქართველ პოლიტიკოსებს, ვინც იქ ისხდნენ - არა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილის თქმით, „მოლაპარაკების მაგიდა, არ არის - მკლავჭიდის, რომ ერთმა აუცილებლად ხელი გადაუწიოს მეორეს.
„გუშინ კიდევ ერთხელ ვნახე, როგორ ცდილობდნენ ხელის გადაწევას. დანიელსონი ასეთი კორექტული კაცი რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი... მის ტვინში ალბათ, გინება ტრიალებდა. მეტის ღირსები ვიყავით, უბრალოდ კორექტული და გაწონასწორებული კაცია, თორემ ისეთი სახე ჰქონდა, ვინ ყოფილხართო, სახეზე ეწერა. კაცი შეხვედრის წინ გეუბნება და ევროპარლამენტი განცხადებს ავრცელებს, ქვეყნის ინტერესები პირად ინტერესებზე წინ დააყენეთო, 8 საათი გივლის ხან აქედან და ხან იქიდან, რომ იქნებ რამე დაგათმობინოს, მაგრამ არა - შენ მუშტის ბრახუნით ხარ დაკავებული - წარმოიდგინე, რა დღეში იყო ის კაცი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
30 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.