მამუკა მდინარაძე მოლაპარაკების პროცესზე: ჩვენს კომპრომისებს რომ ეთანხმებოდნენ, ეს ყოფილა ოპოზიციის კომპრომისი

მამუკა მდინარაძე მოლაპარაკების პროცესზე: ჩვენს კომპრომისებს რომ ეთანხმებოდნენ, ეს ყოფილა ოპოზიციის კომპრომისი

ჩვენს კომპრომისებს რომ ეთანხმებოდნენ, ეს ყოფილა ოპოზიციის კომპრომისი. წარმოიდგინეთ, სიტყვების ლაბირინთში როგორ იკარგებოდნენ და როგორ ცდილობენ, თავი აარიდონ მთავარ კითხვას - ერთი კომპრომისული ნაბიჯი გადმოდგეს თუ არა?, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს მოლაპარაკების შედეგების კომენტირებისას განუცხადა.

„საზოგადოებამ იცის, რომ მათი მხრიდან ერთი კომპრომისული ნაბიჯი დასახელებული არ ყოფილა. ისინი ამბობდნენ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან რომ ისხდნენ, ეს იყო კომპრომისი. შემდეგ თქვეს, რომ ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზებზე საუბრობდნენ და ეს იყო კომპრომისი. გუშინ ამბობდნენ, რომ რაღაც პუნქტებზე ვეთანხმებოდითო და ის პუნქტები იყო კომპრომისული ჩვენი მხრიდანო, მათ კი არ წარმოუდგენიათ! ჩვენს კომპრომისებს რომ ეთანხმებოდნენ, ეს ყოფილა ოპოზიციის კომპრომისი. წარმოიდგინეთ, სიტყვების ლაბირინთში როგორ იკარგებოდნენ და როგორ ცდილობენ, თავი აარიდონ მთავარ კითხვას - ერთი კომპრომისული ნაბიჯი გადმოდგეს თუ არა? ასეთი ბუნებაში არ ყოფილა. ბუნებრივია, პასუხისმგებლობაც შესაბამისია“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქისთვის მთავარი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისია, რომლის ფონზეც ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი რისკებს ზრდის და ვითარებას ამწვავებს.

„არსებული ვითარების ფონზე, ოპოზიციიდან ვიღაცამ მაინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თქვას: არ შეიძლება, ამ ქვეყანაში ქვეყნისა და საზოგადოებრივი ინტერესების საბოტაჟით ვიყოთ დაკავებულნი. ეს თუ ვერ შეძლეს, ეს ხელოვნური კრიზისი იქნება სულ და არ წაადგება, მათ შორის კრიზისს, რომელიც პანდემიიდანაა გამოწვეული“, - განაცხადა მდინარაძემ.