მიხეილ სარჯველაძე: „ქართველი ერის ერთიანობა, რომელიც რეალურად, გვქონდა ისტორიაში არის უმნიშვნელოვანესი გარდამტეხი მომენტი საქართველოს ისტორიისათვის

მიხეილ სარჯველაძე: „ქართველი ერის ერთიანობა, რომელიც რეალურად, გვქონდა ისტორიაში არის უმნიშვნელოვანესი გარდამტეხი მომენტი საქართველოს ისტორიისათვის"

„გაერთიანებული ძალისხმევა, პოზიციაში ერთიანობა ქართველი ერისა, რომელიც რეალურად, გვქონდა ისტორიაში - ეს არის უმნიშვნელოვანესი, გარდამტეხი მომენტი საქართველოს ისტორიისათვის, როდესაც ქართველმა ერმა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ის ყოფილიყო დამოუკიდებელი და საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოეხდინა იმგვარად, რომ საკუთარი სიტყვა ეთქმოდეს საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო სხვა ერთა შორის, იყოს გამორჩეული და უნიკალური თავისი შესაძლებლობებით, თავისი თუნდაც იმ ფოლკლორით, რომლითაც სახელი გავითქვით და ამის ამაგდარ ადამიანს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს ვიგონებთ დღეს", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით მოხდა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა.

„ეს ძალზე მნიშვნელოვანი შტრიხი გახლავთ ამ მიღებული გადაწყვეტილებისა, ეს იყო 1918-1921 წლის სახელმწიფოს უწყვეტობის ხაზგასმა და კიდევ მანამდე, იმ უზარმაზარ ისტორიასთან კავშირის აღდგენა, რომელიც სამწუხაროდ, ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან მომდინარე ძალადობის შედეგად, საქართველოში სახელმწიფოებრიობა იყო შეწყვეტილი. ეს იყო ურთულესი, უმძიმესი მომენტი საქართველოს ისტორიაში, რომელიც სამწუხაროდ დღესაც გრძელდება. ის ძალადობა, რომლის მსხვერპლიც ამჯერად, საქართველოა ეს არის პრობლემა, რომელიც განაგრძობს დღესაც არსებობას და მე მინდა სწორედ დღევანდელ დღეს, კვლავ მოწოდება გავაკეთო საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, რომ ვიყოთ ერთიანნი იმ ოკუპაციის წინააღმდეგ, რომლის მსხვერპლიც ამ შემთხვევაში, საქართველოა. ეს არის დაუშვებელი ხელყოფა საქართველოს ინტერესების, საქართველოს სუვერენიტეტის, რაც რა თქმა უნდა აისახება თითოეული იმ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, რომლებიც ცხოვრობენ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს არის მდგომარეობა, რომელსაც ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება და ყოველთვის ისეთივე ერთიანი იქნება როგორც ის იყო 30 წლის წინ ზუსტად 31 მარტს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.