შალვა პაპუაშვილი: ოპონენტებმა ულტიმატუმი დაუყენეს მედიატორს, რაზეც უარი მიიღეს და ამიტომ ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას

შალვა პაპუაშვილი: ოპონენტებმა ულტიმატუმი დაუყენეს მედიატორს, რაზეც უარი მიიღეს და ამიტომ ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას

ოპონენტებმა ულტიმატუმი დაუყენეს მედიატორს, რათა მას ჩაემატებინა ამ დოკუმენტში საკითხები, რაზეც უარი მიიღეს და ამიტომ მათ ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ჟურნალისტებმა ზურაბ ჯაფარიძეს ჰკითხეს, თუ რა კომპრომისებზე მიდიოდა ოპოზიცია, და ფაქტობრივად, მან პასუხი ვერ გასცა, ვინაიდან არანაირი კომპრომისი მათი მხრიდან არ ყოფილა. იცით, რა პაკეტია ინიცირებული საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შენიშვნები არსებობს. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, დოკუმენტში ასახულია ჩვენი შეთავაზებები. უკვე ინიცირებულია პროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით და მას მალე მივიღებთ. 2/3-თან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა შენიშვნა, რომ ეს შეიძლება საბოტაჟისთვის გამოყენებულიყო, თუმცა ამ შენიშვნის განხილვამდე საქმე არ მისულა. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით საერთოდ საუბარი არ ყოფილა. ჩვენი კომპრომისების შედეგია ის დოკუმენტი, რომელიც კრისტიან დანიელსონმა წარმოადგინა. ჩვენი პოზიციები უმეტესწილად ემთხვევა დანიელსონის, აშშ-ისა და ევროკავშირის პოზიციებს. რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, სასამართლო რეფორმას და ოპოზიციის როლის გაძლიერებას პარლამენტში, ამას ჩვენ შეთანხმების გარეშეც გავაკეთებთ. ჩვენ დღემდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ პროცესში ერთადერთი კონსტრუქციული ძალა „ქართული ოცნება“ იყო. ოპონენტებმა ულტიმატუმი დაუყენეს მედიატორს, რათა მას ჩაემატებინა ამ დოკუმენტში საკითხები, რაზეც უარი მიიღეს და ამიტომ მათ ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.