დოკუმენტში აისახა ჩვენი შეთავაზება, რომლის თანახმადაც გირაოს გადახდის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კრისტიან დანიელსონის, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ბატონი დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ასახავდა „ქართული ოცნების“ შეთავაზებას ნიკანორ მელიასთან დაკავშირებითაც.
„დოკუმენტში აისახა ჩვენი შეთავაზება, რომლის თანახმადაც გირაოს გადახდის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას. 20 ივნისს ორი პოლიტიკური პოლუსის ორ მხარეს იდგა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა და ოპოზიციის მიერ ჩადენილი დანაშაული. ეს დანაშაული გამოხატული იყო უმძიმესი ფორმით, მათ შორის, პარლამენტში შეჭრის მცდელობითა და პოლიციელებზე განსაკუთრებით მძიმე ძალადობით, რაშიც ნიკანორ მელიამ განსაკუთრებული როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ვერაფრით გახდება დანაშაულის საპირწონე, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ამ თემასთან დაკავშირებული ყველა გარემოება და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების გათვალისწინებით, გამოვთქვით თანხმობა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით.
ნიკანორ მელიამ ვერ განახორციელა თავისი მუქარა სახელმწიფოს წინააღმდეგ, არ გადაიხადა და დაიჭირეს. შესაბამისად, ის არის სრულად გაკოტრებული პოლიტიკოსი და მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფომ შეურაცხყოფისთვის საკადრისი პასუხი გასცა. შესაბამისად, ამნისტიის საფუძველზე მისი გათავისუფლება ვერავითარ პრობლემას ვეღარ შეუქმნის სახელმწიფოსა და სამართლის უზენაესობას, თუმცა ამ შეთავაზებაზეც თქვა უარი ოპოზიციამ. ამ მოსაზრებებზე დაყრდნობით მივიღეთ შესაბამისი კომპრომისული გადაწყვეტილება, თუმცა ეს გადაწყვეტილებაც გახდა უარყოფის საგანი ოპოზიციის მხრიდან ანუ არც ერთ კომპრომისზე ისინი არ მოდიოდნენ“, - განაცხადა კობახიძემ.
კრისტიან დანიელსონის შეხვედრა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12-19 მარტს გაიმართა. 22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციას გააგრძელებს.