„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მისი პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული 5-საკითხიანი დოკუმენტიდან სამს დათანხმდა.
„5-საკითხიანი დოკუმენტი იყო, რომლიდანაც სამს დავეთანხმეთ. ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა, ეს არის საარჩევნო სისტემის რეფორმა, ძალაუფლების გადანაწილება პარლამენტში. დასაზუსტებელია პოლიტპატიმრების თემა. ვფიქრობ, რომ აქ წავიწიეთ წინ და პატარა ტექნიკური საკითხები დარჩა“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, მხარეებს ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განუხილავთ, რადგან ის არ იყო ასახული ისე, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტში.
„გახსოვთ, რომ მის დოკუმენტში არჩევნებთან დაკავშირებით იყო ჩანაწერი „შესაძლო საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი“. უბრალოდ ეს საკითხი არ არის გაშლილი. ბატონმა დანიელსონმა თქვა, რომ პროგრესი არის“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამავე სამ საკითხზე მთელი ოპოზიციური სპექტრი დათანხმდა და დიალოგის გასაგრძელებლად მზად არის.
კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.