კრისტიან დანიელსონის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიას შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ბატონმა დანიელსონმა მხარეებს პოლიტიკური შეთანხმების პროექტი წარუდგინა.
„იმთავითვე მინდა აღვნიშნო, რომ დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე და მისი ჩატარების პირდაპირ თუ არაპირდაპირ შესაძლებლობაზე. ეს ფაქტი არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე მრავალგზის აღიარებული ჭეშმარიტების კიდევ ერთი დადასტურება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. შესაბამისად, ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ ამ არჩევნებისა და მოქმედი პარლამენტის ლეგიტიმურობის რაიმე ფორმით ეჭვქვეშ დაყენება, ვხედავთ, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ბატონი დანიელსონის მიერ მომზადებული დოკუმენტი ასახავდა შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს ყველა საკითხზე.
„პირველი, ეს არის საარჩევნო რეფორმა. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას იღებდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე და ამაში შედიოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 3%-მდე შემცირება. საკრებულოებში ოპოზიციური პარტიების უფრო ფართოდ წარმოდგენის უზურუნველსაყოფად ადგილობრივი საარჩევნო სისტემის თვისობრივი გადასინჯვა და საარჩევნო ბარიერის შემცირება სამივე დონის საარჩევნო კომისიებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების 8 წევრამდე გაზრდა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ასევე, დოკუმენტი ითვალისწინებდა საარჩევნო უბნების 10%-ის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ავტომატურ გადათვლას, საარჩევნო უბნების გარშემო 100-მეტრიანი რადიუსის დაწესებას, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას და ასე შემდეგ. კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს პაკეტი კომპლექსური იყო.
„როგორც ხედავთ, ეს პაკეტი კომპლექსური იყო და ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებას ითვალისწინებდა. გვინდა ავღნიშნოთ, რომ ამ ცვლილებებს „ქართული ოცნება“ უახლოეს მომავალში საკუთარი პასუხისმგებლობით, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშეც, განახორციელებს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რასაც განვახორციელებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის სასამართლო რეფორმა.
„ბატონი დანიელსონის დოკუმენტი ასასხავდა „ქართული ოცნების“ შემდეგ შეთავაზებებს ამ მიმართულებით: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენამდე „ქართული ოცნება“ იღებდა პასუხისმგებლობას „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის“ გადასინჯვაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ეს კანონი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას ჩვენ საკუთარი პასუხისმგებლობით ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშეც.
„ქართული ოცნება“ ასევე იღებდა პასუხისმგებლობას პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ინკლუზიური ფორმით არჩევაზე. ამაზეც ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარი ინიციატივით.
და ბოლოს, „ქართული ოცნების“ შეთავაზების თანახმად, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით უნდა განხორციელებულიყო სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღების შესწავლა და დასკვნების საფუძველზე შემდგომი სასამართლო რეფორმების დაგეგმვა და გატარება. ამასაც ჩვენ გავაკეთებთ საკუთარი პასუხისმგებლობით. ამისთვის არ გვჭირდება არავითარი ხელმოწერა და შეთანხმება ოპოზიციასთან“, - აღნიშნა კობახიძემ.
კრისტიან დანიელსონის შეხვედრა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12-19 მარტს გაიმართა. 22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციას გააგრძელებს.