აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2020 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
საქართველოზე საუბრისას, ანგარიში გასულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს. შეფასება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნას ეფუძნება.
„COVID-19-ის გამო, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობა გამოყო. წინასწარ შეფასებაში დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნების პირველი ტური კონკურენტუნარიანი იყო და, ზოგადად, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები, მაგრამ „გავრცელებულმა ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანების შესახებ შეამცირა საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან საკითხებს შორის იყო: სერიოზული პრობლემები სასამართლო დამოუკიდებლობის მხრივ, მათ შორის დაკავებები, გამოძიებები და დევნა, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნეული იყო; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; შეზღუდული პატივისცემა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებისადმი; დანაშაული, რომელიც მოიცავდა ძალადობასა და მუქარას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი პირების მიმართ.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებათა დარღვევის ზოგიერთი შემთხვევის გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება, მათ შორის ანგარიშვალდებულების არარსებობა პოლიციის მიერ შეუსაბამო ძალის გამოყენებისთვის ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საქართველოში გატაცებისა და აზერბაიჯანისათვის გადაცემის საქმეზე.
ანგარიშში ასევეა საუბარი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე.
„რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დე-ფაქტო მთავრობები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა რჩებოდნენ. ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება ძალაში რჩებოდა. რუსი მესაზღვრეები ზღუდავდნენ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას. აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან საკითხებში შედიოდა: უკანონო მკვლელობა, მათ შორის სამხრეთ ოსეთში; უკანონო დაკავებები; გადაადგილების შეზღუდვა, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველებისათვის; ხმის მიცემის ან პოლიტიკურ პროცესში სხვაგვარად მონაწილეობის შეზღუდვა; და შეზღუდვები ეთნიკურად ქართველებისთვის საკუთრების ფლობის ან ბიზნესის დარეგისტრირების კუთხით. გაიზარდა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების რუსული „ბორდერიზაცია“, რამაც კიდევ უფრო შეზღუდა მოძრაობა და რაც მოსახლეობას საკუთარი თემებისა და საარსებო წყაროსგან ჰყოფდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.