საერთოდ არარელევანტურია შეთავაზებები ბიძინა ივანიშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს ორი პიროვნება თავისი განვლილი გზით, დღევანდელი მდგომარეობით და ხვალინდელი მიზნებით აცდენილია, მათ ვერ დასვამ ერთად. ამიტომ ეს არანაირ შედეგს არ მოგვიტანს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ უნდა ვისაუბროთ პრეცედენტებით. ავიღოთ ყველაზე მეტად სენსიტიური თემა, როგორიცაა მედიასთან დაკავშირებული საქმეები, რომელიც საერთაშორისო სასამართლოებში განიხილებოდა. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ მთელი პროცესი და სასამართლო პროცესის შედეგად დამდგარი შედეგი არის სამართლებრივად გამართული და უხინჯო. ის, რომ ქვეყანაში არ დარჩა საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტი, ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური განცხადება, მაგრამ ფაქტები გვეუბნებიან, რომ ყველაზე მეტად სენსიტიურ საკითხებში სასამართლო დავა სამართლიანად წარიმართა. არც ჩვენი მოსახლეობა და არც დასავლეთი ამ განცხადებას არ ეთანხმება. დასავლეთი ობიექტურად აფასებს იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ სასამართლო რეფორმის დარგში გვაქვს მიღწეული, და აგრეთვე ობიექტურად გვეუბნება იმ გასავლელ გზაზე, რომელიც უნდა გავიაროთ. ჩვენ გვქონდა სასამართლო, რომელიც ყოველთვის ემორჩილებოდა პარტიულ ინტერესებს. დღეს შექმნილი გვაქვს ევროპული ქვეყნების სადარი საკანონმდებლო ბაზა და ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა მოსამართლეთა კორპუსზე და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული დრო და პრაქტიკაა საჭირო, რომ მოსამართლეებმა თავი სრულად დამოუკიდებლად იგრძნონ, ისევე როგორც პოლიტიკოსებს სჭირდება გარკვეული დრო და გამოცდილება, რომ საკუთარ საქმიანობაზე პასუხი აგონ.
„ეს არ არის ის კრიზისი, რომელიც ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი. NDI-ის კვლევებს თუ დავუჯერებთ, ეს თემა ლამის მეათეხარისხოვანია. სახეზე გვაქვს პოლიტიკური კლასის კრიზისი, და არა სახელმწიფო კრიზისი. საქმე გვაქვს წმინდა პოლიტიკურ თამაშთან, და არა რეალურ კრიზისთან. საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა გვითხრა, რომ ეს ქვეყანა მრავალფეროვანია და ეს მრავალფეროვნება პოლიტიკოსებმა უნდა გამოიყენონ. ჩვენ ეს ყველაზე ცუდი ვარიანტით გამოვიყენებთ და ახლა მიხეილ სააკაშვილის ჩართვა ამ პროცესში არის ამ ცუდი ვარიანტის კიდევ უფრო გაუარესება. საერთოდ არარელევანტურია შეთავაზებები ბიძინა ივანიშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს ორი პიროვნება თავისი განვლილი გზით, დღევანდელი მდგომარეობით და ხვალინდელი მიზნებით აცდენილია, მათ ვერ დასვამ ერთად. ამიტომ ეს არანაირ შედეგს არ მოგვიტანს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.